დღეს ჩვენი საამაყო ფილმების რეჟისორი – ელდარ შენგელაია 88 წლის გახდა. სიკეთით, იუმორით, ირონიით, მზით გამთბარი კინოშედევრები კიდევ მრავალი წელი იქნება აქტუალური, ყავლგაუსვლელი და მნიშვნელოვანი სათქმელით დახუნძლული.
დღემდე ფილმების გადაღებით არის შეპყრობილი, ჭეშმარიტი “კინოშნიკია”, უასაკო და სათქმელამოუწურავი. “ვერტიკალური და ბრუნვადი სიყვარულის” საიდუმლოს მცოდნე, 88 წლის ასაკშიც იღებს ფილმებს.
იმედა კახიანი: – დღეს ელდარი აპირებდა, ერთი-ორი კაცი დავსხდეთო… ღვინოს ვერც ერთი ვერ ვსვამთ, მაგრამ ერთად ყოფნა გვინდოდა. მაგრამ გუშინწინ შეუძლოდ შეიქნა და აპრილისთვის გადაგვიდო ეს ამბავი. აპრილში ნელიზე ქორწინების 40 წელი უსრულდება და მაშინ აღვნიშნავ ქორწინების წელსაც და დაბადების დღესაცო.
ელდარი ისეთი ენერგიით სავსეა, 88 წელი არ ეყოფა. მე დამაბერა (მასზე ხუთი წლით უმცროსი ვარ), წვერი მოუშვი, მღვდელი უნდა გათამაშოო და ვარ გიჟივით გაბურძგნული ამ წვერებში. თვითონ ჩემზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. სპეციალურად აკეთებს, რომ მე “დამაუშნოვოს”.
60 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. მეგობრობა, რომელიც ასეთი სუფთაა და სიყვარულზეა დამყარებული, აუწონავია.
მე ვითამაშე ელდარის ორ დიდ ფილმში: “თეთრ ქარავანში” და “სამანიშვილის დედინაცვალში”. მსახიობზე იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც ისეთ დიდ რეჟისორთან ითამაშებს, როგორიც ელდარია. ენდობი, ხედავ, რა უნდა და მან ეს ზუსტად იცის. იცი, რომ უნდა დაუჯერო, მიჰყვე და სწორ გზაზე გაგიყვანს.
ელდარის იმედი მაქვს. გაოცდებით ისე აზროვნებს. მართალია ასაკის გამო ის მოძრაობა და სისწრაფე აღარ არის, მაგრამ ისეთი ფანტაზია აქვს და ისე ახალგაზრდულად ფიქრობს, არ დაიწუნება.













