ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ქართველი დიზაინერი, გოგა ნიქაბაძე, “ფეისბუქზე”, ოჯახის თავს გადამხდარ არასასიამოვნო ისტორიას აქვეყნებს.
როგორც ბათუმელი დიზაინერი წერს, მისი 79 წლის ბებო, ლამარა ბიბილეიშვილი, რომელსაც დემენცია (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება) აქვს, დაინფიცირდა კოვიდ-19-ით და აი, თუ რა გადახდა მას კლინიკაში, ნიქაბაძის პოსტიდან შეიტყობთ.
ცნობისთვის, ლამარა ბიბილეიშვილი ბათუმში ცნობილი იყო თავისი სადედოფლო კაბებით. სახლში ჰქონდა ატელიე და პატარძლების მისვლა-მოსვლა… ამ გარემოში გაზრდილი გოგა რომ დიზაინერი გახდა, გასაოცარი არავისთვის იყო. და სწორედ ქალბატონი ლამარას დამსახურებაა ის, რომ ნიქაბაძე ამ სფეროშია. (ამჟამად, გოგა მოსკოვში, ვიაჩესლავ ზაიცევის მოდის ლაბორატორიაში სწავლობს.)
გოგა ნიქაბაძე: – მინდა მოგიყვეთ ერთ ურჩხულზე სახელად თაკო შანთაძე, რომელიც ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს!
თითქმის ყველა თქვენგანი იცნობთ ჩემს ბებოს და გიყვართ ის. მას ულევი სასიხარულო ემოციის გარდა, გამოვლილი აქვს დაღდამსმელი ფაქტები: 3 წლის ასაკში დაკარგა მშობლები, ადრეულ ასაკში დაეღუპა მეუღლე, გარდაეცვალა 31 წლის შვილი და კიდევ ბევრი სამწუხარო მომენტი, რაც ვიცი და რაც არ ვიცი!
ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ადამიანობა და კეთილგანწყობა არასოდეს დაუკარგავს. მეტსაც გეტყვით, მან ააგო წმ. გიორგის სახელობის ტაძარი და ამით, ასე ვთქვათ, იპოვა ხსნა – სულიერი სიმშვიდე! ამ ფაქტით ყველაფერი ნათქვამია მის პიროვნებაზე და აღარაფერს დავწერ…
მოკლედ!
დედას და ბებოს “მსუბუქ ფორმაში” დაემართათ კოვიდი! დააბინავეს ისინი კოვიდსასტუმროში და დაუწყეს მკურნალობა. პროცესში აღმოჩნდა, რომ ბებოს ფილტვების ანთების 8% ჰქონდა! როდესაც მისი საავადმყოფოში გადაყვანის მომენტი დადგა, დედამ გააფრთხილა ადამიანები, ვინც ამ საქმით იყო დაკავებული, რომ ადამიანს აქვს დემენცია (ჩაულაგა ბარგი. ჩაუდო ყველა საჭირო ნივთი, მათ შორის დანიშნულება, წამლები , პამპერსები და ასე შემდეგ!)
დავიწყეთ ახლობელი ადამიანის ძიება, რომლის დახმარებითაც სათანადო ყურადღებას მიაქცევდნენ ბებოს!
სანამ გავარკვიეთ რა და როგორ, ხდება ასეთი რამ!!! ჩვენი ახლობელი შემთხვევით ხედავს ბებოს საავადმყოფოს ლიფტთან პარკით ხელში (პარკში სველი სამოსი), მხოლოდ ზედატანსა და პამპერსში გამოწყობილს!
ის თურმე პატარა ბავშვივით უხერხულობისგან ზედატანს მუხლებისკენ ექაჩებოდა სიშიშვლე რომ დაეფარა! და როცა მას გაოგნებულებმა ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა ლიფტთან, უპასუხა, რომ საავადმყოფოდან უშვებდნენ!
ეს ისე, რომ დედაჩემისთვის არც კი დაურეკავთ!!! არ ვიცი, რა პირობებში იყო ბებო ეს რამდენიმე დღე. როგორც ჩანს, დაეცა და იარაზე სპირტიც კი არ ჰქონდათ დასხმული!
მადლობა ღმერთს, რომ იქვე ჩვენი ნათესავიც აღმოჩნდა და ბებო ასეთ მდგომარეობაში დედასთან სასტუმროში თავისი ავტომობილით მიიყვანა. თორემ უშვებდნენ ქალს მარტოკას საავადმყოფოდან პასპორტის და ყოველგვარი საბუთის გარეშე!
ლაპარაკში ბებომ თქვა, რომ შეურაცყოფილია ბებო! გონიერი ადამიანი, საავადმყოფოდან გამოსულს, არ განსჯის, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ავადმყოფი! მით უმეტეს შენ, 79 წლის ასაკში, ბევრად უფრო ლამაზი ფეხები გაქვს, ვიდრე შენს მკურნალ ექიმ თაკოს!
ისე დემენციით დაავადებული პაციენტის საავადმყოფოდან უპატრონოდ გაგდება რა კარგი საქციელია, არა? ან ერთჯერადი სამედიცინო ხალათი რომ მოეცვათ მისთვის, ნეტა რა მოხდებოდა?
ბებოს ჰყავს გმირი შვილი, რომელიც მოუშუშებს ამ იარას და დაავიწყებს ამ ფსიქოლოგიური ტრამვას! უბრალოდ თქვენ რა გეშველებათ, ქალბატონო ექიმო?!
როცა დავსვი კითხვა: ბებო, რას გიკეთებდნენ საავადმყოფოში-მეთქი, პასუხად მივიღე: ოჰ, არ გამახსენო! იქ ბოროტები არიან, მაგრამ თქვენ გულთან არ მიიტანოთ ეგ! რას ვიზამთ, ასეთები არიან ადამიანებიო!
როდესაც ამ არსებით დავინტერესდი და შევედი მის გვერდზე, პირველივე სტატუსი რაც შემხვდა იყო : “მე და ჩემი კოლეგები, ჩვენს ძვირფას დროს, ერთ წელზე მეტია ვწირავთ კოვიდთან ბრძოლას”.
ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მედიცინაში მუშაობდეს ადამიანი, რომელიც გაჟღენთილია ადამიანების სიძულვილით.
იცით? ჯერ არასოდეს რომ არ გამიფიქრია, ისეთი რამის გაკეთება მინდოდა! მოსკოვიდან სულ მალე ჩამოვდივარ და მივალ ამ ურჩხულ ექიმთან, კაბინეტის კარს ფეხით გავაღებ, ვწვდები უგემოვნოდ შეღებილ თმებში, დერეფანში ვათრევ და ყოველ პალატასთან ვარტყმევინებ თავს-მეთქი.
არიან ადამიანები, რომლებიც დაუცველები არიან და ამ ურჩხულთან ჰქონდათ შეხება! ვაგებინებდი პასუხს იმათ მაგივრადაც, ვისაც ბებოს მსგავსად მოექცა!
მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რას მომცემს მე ეს? ის უკვე დასჯილია, რადგან ისეთია, როგორიც არის! არც იმაზე მარტივი არ არის არაფერი, მთელი ცხოვრება გარანტირებულად უმუშევარი დავტოვო ეს კაცთმოძულე მუშაკი!
მაგრამ არც ამით მომემატება არაფერი! უბრალოდ მაქვს კითხვა, ქალბატონო თაკო! არც თუ ისე ახალგაზრდა ხართ და სიბერე რომ მალე მოგაკითხავთ, ამაზე არ გიფიქრიათ?
რა ცუდია, რესპუბლიკური საავადმყოფოს საამაყო და ძალიან კარგ თანამშრომლებს – ექიმებს, ამ ქალის სახით, ასეთი ჭუჭყი რომ შერევია!

მეგობრებო! მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, ლაღი და ბედნიერი ცხოვრება და ვისურვებ, რომ ყოველი ბნელი ადამიანის გონებში სხივი მოხვედრილიყოს და სიკეთეს გაეღვიძოს მათში.
დედა, მადლობა, რომ არსებობ. მადლობა, ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს, ჩემს ლამრიკოს რომ ასე უვლი. მადლობა ყველაფრისათვის. მადლობა ამაგისთვის და უკიდეგანო სიყვარულისთვის.
ბებო უკვე კარგად არის.