31 დეკემბრის ღამის საახალწლო კონცერტის მონახაზი ბასა ფოცხიშვილმა და დავით დოიაშვილმა თითქმის უკვე გააკეთეს. ლოკაციას არჩევენ, არ სურთ, რომ მოსახლეობა შეწუხდეს და პანდემიიდან გამომდინარე ვინმეს საფრთხე შეექმნას.
სცენის დეკორაცია ისე იქნება მოწყობილი, რომ ერთმანეთთან არავის ექნება შეხება. რეჟისორები რამდენიმე სართულიანი, აივნებიანი და ტერასებიანი სახლის დადგმას ფიქრობენ. მუსიკალური ნომრები სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებიდან შესრულდება. ამ სანახაობას მაყურებელი მხოლოდ პირდაპირ ეთერში იხილავს.
პარალელურად, იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან. კონცერტში მონაწილეობას საკუთარი სახლებიდან მიიღებენ ასაკოვანი არტისტები და ისეთი ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებიც რისკჯგუფში არიან, რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან…
მოკლედ, ყველაზე უჩვეულო 2020 წელს ასეთივე უჩვეულო საახალწლო კონცერტით გავაცილებთ და დამდეგს სიურპრიზებით შევეგებებით…
ბასამ გაგვიმხილა ისიც, რომ რაღაც ფორმით ექიმებზეც ვნახავთ ნომერს, რომელსაც მადლიერების ნიშნად მოუმზადებენ.
ბასა ფოცხიშვილი: – რატომ აღვნიშნავთ ასეთ დროს ახალ წელს საახალწლო კონცერტით? ახალ წელს ომის დროსაც აღნიშნავდნენ. ეს არ იქნება პომპეზური, თუმცა ნამდვილად აუცილებელი აქტი იქნება.
კულტურის მოღვაწეები, წელს, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარებული სფეროს წარმომადგენლები არიან. ის ადამიანები, რომლებიც ამ კონცერტზე იქნებიან დაკავებულნი, მთელი წელი ისხდნენ აბსოლუტურად უმუშევარნი. მომღერლების გარდა ესენი არიან, ბენდები, სცენის გამნათებლები, ხმის რეჟისორები, სცენის მუშები, ასისტენტები, რომლებიც ამ სფეროში, პანდემიისას, ყველაზე მეტად არიან დაჩაგრულნი.
ახალი წელი მაინც იმედის მომცემი დღესასწაულია. ამდენად იმედი უნდა მიეცეს ამ ხალხს, რომლებიც გაჩერებულები იყვნენ.
როგორც ვიცი, კეთდება რამდენიმე ღონისძიება თბილისში, ასევე სხვადასხვა ქალაქში.
დაცული გვექნება აბსოლუტურად ყველა რეგულაცია, რომ ადამიანების დაინფიცირება არ მოხდეს. დეკორაციასაც ისეთ სტილში ვაპირებთ, როგორც წელს აგონებდნენ ადამიანები სიმღერით ერთმანეთს ხმას. საკუთარ აივნებზე რომ მღეროდნენ.
მომღერლებს ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ. იმღერებენ დეკორაციის აივნებზე, ფანჯრებში, ტერასებზე…
რისკჯგუფში მყოფ მომღერლებს გადავიღებთ საკუთარი სახლების აივნებზე, ფანჯრებში… ყველა ზომა იქნება მიღებული და ყველა ნორმა დაცული. ოდნავი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანს საფრთხეს არ შევუქმნით.
ვეძებთ ადგილს საკონცერტოდ, სადაც მოსახლეობა რეპეტიციების დროს არ შეწუხდება. განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ეს იქნება ღია ცის ქვეშ.
ამ კონცერტის გზავნილია – მიუხედავად იმისა, რომ წელს აბსოლუტურად სხვა განზომილებაში აღმოვჩნდით, ადამიანებს მაინც გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია.
იდეა – ყველა დავრჩეთ სახლში და ერთმანეთს ახალი წელი ჩვენ-ჩვენი აივნებიდან და სახლებიდან მივულოცოთ. აივნებზე – გარეთ გამოვიდეთ, ეს ერთიანობის და სიყვარულის იდეაა…
სიურპრიზი – მინდა რაღაც ნომერი, ექიმებისადმი მიძღვნილი, ვნახოთ. ყველაზე დიდი პატივისცემა და მადლიერება ექიმებს და ყველა მედპერსონალს, სასწრაფოს მძღოლის ჩათვლით, პირადად ჩემგან. კეთილშობილი და განსხვავებული ადამიანები არიან.
მოკლედ, დანარჩენი დეტალი მოგვიანებით. ჯანმრთელობა და ბედნიერება ყველას.











