საქართველოს პრეზიდენტი თავისი “ლუქით” არა ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ხან პროტოკოლიდან ამოვარდნილი შავი წელწინდით, ხან ლამაზი და ვებერთელა ნემსიყლაპიის ბროშით, ხანაც ერთი და იგივე წითელი “ორეულით” საფრანგეთის და პოლონეთის პრედენტებთან შეხვედრებზე…
ინაუგურაციიდან მოყოლებული პრეზიდენტს ძირითადად ქართველი დიზაინერების სამოსი აცვია და მათ პოპულარიზაციას უწევს.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოს დროშის ფერებში დახვდა. უცნობია ზურაბიშვილის დღევანდელი “ლუქის” ავტორი, თუმცა ის პროტოკოლის გათვალისწინებით გამოიყურება.
მოდელმა თაკო ჩხეიძემ ცოტა ხნის წინ სადიზაინრო საქმეს მიჰყო ხელი. მშობლებმა სახელოსნო BloomsTbilisi-ი გადააბარეს და სამოსის წარმოებით არის დაკავებული.
სწორედ თაკოს რეკომენდაციით აღმოაჩინა პრეზიდენტმა დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე, რომლის არაერთი კაბაც გაჩნდა მის გარდერობში. ქალბატონ სალომეს, როგორც მომხმარებელს, “პრაიმამბებთან” ჩხეიძე ასე ახასიათებს.
თაკო ჩხეიძე: – ჩვენთან გაზაფხულზე შეიკერა ძალიან ლამაზი ლურჯი ორეული, რომელსაც რამდენჯერმე მოვკარი თვალი რომ ეცვა. ვიტყოდი, რომ ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს.

– თაკო, მსმენია, რომ ცოტა პრეტენზიული დამკვეთია. ასეა?
– დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, მისი ჩაცმის სტილი. კარგად ერკვევა რა უხდება. ზუსტად იცის, რა უნდა. აზრსაც ითვალისწინებს და გისმენს. უყვარს აქსესუარები. სტატუსიდან გამომდინარე საქმიანი სტილი აქვს.
– დღევანდელ “ლუქზე” გვითხარი შეფასება.
– ნახეთ, სალომე ზურაბიშვილის “ლუქი” პომპეოს წითელ ჰალსტუხს როგორ უხდება! პროტოკოლით არის ჩაცმული, პირბადესაც უხდება. ვიტყოდი, რომ დღევანდელი “ლუქი” დახვეწილი და ელეგანტურია. დროშის ფერებშია. მშვენივრად ვაფასებ.

ინაუგურაციაზე ქალბატონი სალომე საფრანგეთში მოღვაწე ჯაბა დიასამიძემ ასევე დროშის ფერებში გამოაწყო. დიზაინერი ზურაბიშვილს გემოვნებიანიან და სასიამოვნო საკომუნიკაციო პიროვნებად ახასიათებს.
“პრეტენზიული არ არის და ჩვენი აზრები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. ინაუგურაციაზე ჩემს მიერ შექმნილ პიჯაკს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მეამაყება, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისთვის საინაუგურაციოდ მე შევქმენი სამოსი” – ამბობს ჯაბა დიასამიძე.

წითელი პიჯაკი და ქვედაბოლო, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან ვიზიტისას წარსდგა, რამდენიმე თვის წინ, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ემოსა.

სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ დიპლომატიური მიღებას რომ დაესწრო, ფოტო Twitter-ზე მაშინვე ატვირთა.

კაბის და პალტოს სიგრძე და შავი წელწინდის შეხამება სთაილინგის შემქმნელებმა და მოდის კრიტიკოსებმა შეცდომად ჩაუთვალეს. გარდა ამისა, მან თავისი დგომის მანერითაც საკბილო მისცა კრიტიკის მოყვარულთ.
“ქალბატონ სალომეს დონალდ ტრამპთან ოფიციალურ მიღებაზე ჩემს მიერ შეკერილი წითელი მოსაცმელი ეცვა” – დაადასტურა დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ.
ქეთის ყვავილებიანი კაბა ეცვა პრეზიდენტს ყაზბეგში ვაჟის ქორწილშიც.

დიზაინერი მიესალმება პრეზიდენტის მისწრაფებას, რომ ის არჩევანს ქართველი დიზაინერების სამოსზე აკეთებს.
შარშან ივნისში, პრეზიდენტი, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ულამაზესი ბროშით გამოჩნდა.
“ზოგადად „ALAN“ არის ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი. ყველა ბროშს ლალი ალანი (აფხაზი, სოხუმიდან) ამზადებს. ქალბატონ სალომეს ჩვენ გავუგზავნეთ ეს ბროში საჩუქრად და ძალიან გაგვიხარდა, როდესაც სრულიად მოულოდნელად ვიხილეთ, ინგა გრიგოლიასთან, საკუთარ დაბადების დღეზე სტუმრობისას რომ ეკეთა ჩვენი ნემსიყლაპია. ის ძალიან გემოვნებიანი ადამიანია“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
აი, რა შეფასება გააკეთა “პრაიმტაიმთან” დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ იმ დროს.
ავთანდილ ცქვიტინიძე: – ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა პრეზიდენტი. ბლუზონი და ბროში თვალების ფერზე აქცენტს უკეთებდა და იდეალური შეხამებით ემოსა. პოლიტიკა შაბლონურ ნაცრისფერ პიჯაკებთან ასოცირდება. მისი ეს ბროში უფრო ფეშენისკენ არის გადახრილი, თუმცაღა უხდება. და როცა უხდება, რატომაც, არა? პოლიტიკოსმა ქალმა თავისი სოლიდურობით ქალურობა არ უნდა დაკარგოს. ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ქალბატონ სალომეს, ლუქი, იდეალურად ჰარმონიულად აქვს აწყობილი.

“დღეს მოდა იმდენად თავისუფალია, არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს. მთავარია გამართულად ატარო. სალომე ზურაბიშვილი ლამაზი ქალბატონია. ჩაცმულობაც დახვეწილი და ფრანგული აქვს” – გვითხრა თამუნა ინგოროყვამ.
შარშან მარტში, სომხეთის პრეზიდენტთან დასახვედრად პრეზიდენტი ეკა ბალანჩივაძის ჩიტებიანი, ბეჟი ფერის პალტოთი მივიდა.
როგორც ეკა “პრაიმამბებთან” ყვება, იმ დროს თავად მაღაზიაში არ იმყოფებოდა და როგორც უთხრეს, ქალბატონი სალომე, საშოფინგოდ, სპორტულ ფორმაში მისულა.
ეკა ბალანჩივაძე: – მე იმ დროს შოურუმში არც ვყოფილვარ. კონსულტანტებმა მითხრეს, რომ სპორტულ ფორმაში მოვიდა, გვითხრა, კუსტბიდან მოვდივარო. თავისი გემოვნებით აურჩევია ეს პალტო და შეუძინია. კიდევ უთქვამს, რომ პატივს სცემს ქართველ დიზაინერებს და ცდილობს ხელი შეუწყოს მათ პოპულარიზაციას.
საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო, ძალიან მომწონდა მისი ჩაცმულობა. მგონი ერთადერთი იყო, რომელიც ძალიან კარგად ახამებდა ყველაფერს ერთმანეთთან. იყო ქილიკიც. მე მგონია, რომ ძალიან გემოვნებიანია.

ქილიკზე “ბალენსიაგას” კაბების ახალი კოლექცია უნდა გავიხსენოთ, პრეზიდენტმა თავისი ფეისბუქის გვერდზე რომ გააზიარა და ფოტოს მიაწერა: “რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე?” დემნა გვასალიამ პრეზიდენტს კაბა შეურჩია. იქვე დაუკომენტარა – “შეგირჩიეთ Salome Zourabichvili💋👗” , – წერს გვასალია.

ამბობს, რომ საყურეებს საფრანგეთში იძენს. როგორც კი ახალი კოლექცია გამოდის, ატყობინებენ და საყვარელ აქსესუარს მაშინვე იძენს. ზურაბიშვილის საყურეების კოლექცია დასათვალიერებლად ერთ სიამოვნებად კი ღირს.

“21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და თავისუფალი უნდა იყო, მაგრამ თანამდებობას და პროფესიას არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა“, – სალომე ზურაბიშვილი.









