დეკანოზმა პეტრე კოლხმა თბილისიდან წასვლა გადაწყვიტა. საცხოვრებლად კასპში, ერთაწმინდაში გადადის. ტაძრის შეცვლას ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა შესაძლოა ამის დროც დაუდგეს. როგორც ამბობს, ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ არის და ამაზე ბოლო ორი წელია ფიქრობს.
“ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე რადიკალურად შევცვალო რელსები. ჯერ არ ვიცი, რა ხდება ჩემს შიგნით, მე გულისხმას მივყვები. ეს გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ჩემთვის აუცილებელია” – “პრაიმამბებს” უყვება მამა პეტრე.
ოჯახი თან არ მიჰყავს. ბევრი უნდა ილოცოს, წეროს, ქაოსს განერიდოს, ქართლის ხეობით და ერთაწმინდის მადლიანი მიწის აურით იკვებოს და ბერობაზე დაფიქრდეს…
პეტრე კოლხი: – ერთაწმინდა ჩემთვის ძვირფასი და დიდებული ადგილია. ქართლი და ეს კუთხე, ისტორიიდან გამომდინარე, მიყვარს. მისი სიწმინდით და ღირებულებით მიყვარს. ამ მოცემულ სიტუაციაში, ღმერთმა ისეთი ფონი შექმნა, რომ მე ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ეს არ იყო ნაუცბათევი გადაწყვეტილება, ამაზე ბოლო ორი წელია ვფიქრობ. ბევრი მიზეზი და გამოწვევა მქონდა, რომლის წინაშეც ყველა ჩვენგანი ვდგავართ. არის პერიოდი, როდესაც რაღაცას ითმენ, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ვეღარ ითმენ და გინდა ყველაფერს განერიდო, გაეცალო და შორიდან შეხედო.
მე ყველა ის ადამიანი მიყვარს და განსაკუთრებით ისინი, ვინც უსაფუძვლოდ განმიკითხავდა და ირიბად დამეხმარნენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
ჩემ ცხოვრებაში მოვიდა ეტაპი, უფრო მეტი დრო დავუთმო ღმერთს, შინაგან ლოცვას. ტაძარში დგომა და “ალილუია”, ჩემთვის, ლოცვა არ არის. ეს არის ვალდებულება, იდგე ტაძარში და ატარო წირვა-ლოცვა. დოგმაში მოქცევას, წირვა-ლოცვა რომ არ უნდა გააცდინო, მე არ ვეძახი ღვთისმსახურებას. ჩემთვის ბევრად უფრო ღრმაა ღვთისმსახურება, აი, ის ღვთისმსახურება მომენატრა, რომელიც არის ნამდვილი და მართალი. ამიტომ ვერიდები ამდენ შურს, ბოღმას, აგრესიას… იყო დრო, “რა მოხდა მერე-მეთქი”, ვამბობდი. ახლა ის დროა, როდესაც ადამიანები მხოლოდ უარესობისკენ იცვლებიან, ამიტომ “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს”.
მადლობა მათ, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმაში დამეხმარა გინდა მორალურად, გინდა ფიზიკურად და მატერიუალურად.
ერთაწმინდაში მიწის ნაკვეთი ჩემმა მრევლმა მაჩუქა, დავითმა. მალხაზ გულაშვილის ოჯახი მიდგას გვერდით, გაგა, ნანა გაგუა. მადლობა ყველას.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უარს ვამბობდე. უფრო აქტიური ვიქნები, ოღონდ ერთაწმინდიდან. ვისაც სურს შევხვდები, ოღონდ არა ქუჩაში, არა კაფეში, არა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. შევხვდები პატარა და ჩემსავით საინტერესო სახლუკაში, რომელიც არის მაღალზე, საიდანაც იშლება ერთაწმინიდს ტაძარი, თრიალეთის ქედი…
იქ ყველანაირი პირობაა იმისთვის იცხოვრო სულიერად, იფიქრო ღმერთზე, ნამდვილ შეხვედრაზე, ანუ სიკვდილზე, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენთან. თავს შევუწყობ ხელს, რომ განვიწმინდო და კიდევ უფრო გავძლიერდე. მინდა ის ადამიანები დავაყენო ფეხზე, ვისთვისაც ავტორიტეტი ვარ, ვისაც ნამდვილად ვუყვარვარ.
დიდი დრო მინდა დავუთმო სოფლის მოსახლეობას, სწავლა-განათლების საკითხს პერიფერიებში.
მინდა აღვადგინო (მთავრობის გასაგონად ვამბობ) ნოსტეობა დღესასწაულად. გიორგი სააკაძის რეზიდენციაში, კოშკთან ძალიან ახლოს გაიმართოს ეს დღესასწაული და გავიხსენოთ ისტორიული წარსული, რომელიც მომავლის გაკვეთილია.
მინდა შიდა ქართლის მომლოცველობითი ჯგუფი შევქმნა, მე გიდობას გავუწევ და შიდა ქართლში არსებულ ეკლესია-მონასტრებს მოვილოცებთ.
– ასეთ ცხოვრებაში სოციალური ქსელი, რომელსაც ასე აქტიურად იყენებთ, ხელს შეგიშლით. შეელევით “ფეისბუქს”?
– არ ვიქნები ასეთი აქტიური. დავწერ საინტერესო და მწავე საკითხებზე სტატუსებს. მე ახლა ვმუშაობ რომანზე, ლექსებზე, სხვა წიგნზეც. ამ პატარა სახლს ვაქცევ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. გიორგი კეკელიძემ დიდი ბიბლიოთეკა მაჩუქა.
– ოჯახი?
– ოჯახთან კავშირს არ ვწყვეტ. ოჯახი თბილისში დარჩება. ერთაწმინდაში ბავშვები ვერ გადმოვლენ. სკოლაც არ არის იქ.
– ბერობისთვის ხომ არ ემზადებით?
– ვფიქრობ… ჯერ დასკვნებს ვერ დავდებ, თუმცა ყველაფერი მაქეთ მიდის.






