ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. როგორც ოპერის მომღერალი “ფეისბუქზე” წერს, პირველად ივლისში დასნებოვნდა, მეორედ კი – ახლა. ანიტა ბოდიშს უხდის კოლეგებს, რომ მასთან კონტაქტის გამო, ისინი კარანტინში უნდა გადავიდნენ.
ანიტა რაჭველიშვილი: – საქართველო რომ დავტოვე, 15 იანვარს, კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი მივიღე. გავიტესტეთ 16-სა და 18-შიც.
23 იანვარს თავი სუსტად ვიგრძენი და სრულად დავკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები.
25 იანვარს ტესტმა დადებითი აჩვენა. რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო, უკვე მეორედ დავინფიცირდი!
პირველად ეს იყო ივლისში და ზომიერი სირთულით გადავიტანე. გადამდები არ ვიყავი, ოთოს არ გადასდებია და ვიმედოვნებდი, რომ არც ამჯერად ვიქნებოდი გადამდები. ოთოს ტესტის პასუხი დღესაც უარყოფითი იყო.
ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემს საყვარელ კოლეგებს ვირუსი გადავდე. და მათ ჩემს გამო მოუხდათ ტესტირების გავლა და კარანტინში გადასვლა. ვწუხვარ, მეგობრებო.
დანამდვილებით მეგონა, რომ ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნებოდა და შევძლებდი “კარმენის” თამაშს ონლაინ წარმოდგენისთვის. თუმცა მაიმედებს ის ფაქტი, რომ რახან ოთო არ დავავირუსე, იქნებ არ ვიყო გადამდები.
ყველა თქვენგანს ჯანმრთელობას გისურვებთ.













