ამ დღეებში კალორიებისგან დატვირთულ ორგანიზმს განტვირთვა სჭირდება. საახალწლო კერძების შემდეგ როგორც უნდა “დაააფდეითოდ” ორგანიზმი, ამას ფ. თოდუას კლინიკის მედიკოსები გვირჩევენ, თქვენ კი მიჰყევით. მაშ ასე: წყალი, მოხარშული ხორცი, ვარჯიში…
წყალი და ხილ-ბოსტნეული
როგორც ყოველთვის, ამ პერიოდშიც უნდა მიიღოთ ბევრი სითხე, უფრო სწორად კი – წყალი. დაიწყეთ დღე წყლით. გარდა იმისა, რომ ორგანიზმს დაეხმარებით ცხიმის ადვილად წვაში, მეტაბოლიზმს ააქტიურებს და მადასაც აქვეითებს. მიირთვით ხილით და ბოსტნეულით მომზადებული სხვადასხვა სალათები, ასორტები, რომელიც გარდა იმისა, რომ გემრიელია, ორგანიზმს საჭირო სითხესაც მიაწვდის.
მოხარშული ხორცი და მცენარეული ცხიმი
ახალი წლის მომდევნო დღეებში, სასურველია აქცენტი გააკეთოთ დაბალცხიმიან, მაგრამ ამავდროულად, ცილის მაღალი შემცველობის მქონე საკვებზე, როგორიცაა: ფრინველის (კანგაცლილი), თევზის, საქონლის მოხარშული ხორცი, ნაკლებცხიმიანი ყველი. ძალიან სასარგებლა მცენარეული ცხიმების მიწოდება ორგანიზმისთვის – ავოკადო, ზეთისხილი, ბარდა და პარკოსნები.
გაზიანი სასმლის ჩანაცვლება
გაზიანი სასმელი გარდა იმისა, რომ ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს, ხშირად მოხმარების შემთხვევაში, დამოკიდებულებასაც იწვევს. თუ ახალი წლის დღესასწაულების დროს, აქტიურად იღებდით გაზიან სასმელს, პირველ რიგში გირჩევთ, ახლოს გედგათ, ან თან ატაროთ წყლით სავსე ბოთლი, როდესაც მოგწყურდებათ. თუ მხოლოდ სასმელი წყალი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ დაამატოთ სურვილის მიხედვით: ციტრუსი, კენკრა, კიტრის ნაჭრები. თუ გაზიანი სასმელის დალევის სურვილი ძალიან გაგიმძაფრდებათ, შეგიძლიათ მინელაური წყლით ჩაანაცვლოთ.
ფიზიკური დატვირთვა
ის, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია არამარტო დღესასწაულების პერიოდში!
სავარჯიშო დარბაზში სიარული სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ფორმაში ჩადგეთ. შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით გაეცნოთ სხვადასხვა სავარჯიშო პროგრამებს და მოარგოთ თქვენს რუტინას. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშამდე საკვები მიირთვით 1.5-2 საათით ადრე, ვარჯიშის შემდგომ კი თავი შეიკავეთ 2 საათი. ჩაჯდომები, მხრების და პრესის ვარჯიში, დილის სახალისო აერობიკა განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და სასურველ ფორმებსაც ადვილად დაიბრუნებთ.













