დღეს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი, სოციალურ ქსელში, თანადგომისთვის მადლობას უხდის ყველას.
“მელიქიშვილის გამზირი ია, ვარდი და ბზა, უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისა და ასეთი სიყვარულისთვის. ვაკეთოთ სიკეთე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ჩვენ ყველა ერთად ავუსრულებთ ნატვრას და ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში” – წერს ოქიტაშვილი.
ფაქტს ეხმიანებიან ზურას მეგობრები, კოლეგები, ცნობილი სახეები.
ზურა ხაჩიძე: – ჩემს ზურა დოიჯაშვილს ვულოცავ ვარსკვლავის გახსნას! მინდა ჯანმრთელობა და უფლის წყალობა ვუსურვო მას და მის ოჯახს!
ზურაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთს ვიტყვი: ასეთი ძმა, ასეთი მომღერალი, ქმარი, მამა – ქართულ სცენაზე არ არსებობს.
შენ იმსახურებ დიდხანს სიცოცხლეს და აუცილებლად კარგად იქნები! დათო ოქიტაშვილს და კულტურის პალატას დიდი მადლობა ასეთი საქმისთვის.
პაატა ხაჩიძე: – ვულოცავ დიდი სიყვარულით და გამოჯამრთელებას ვუსურვებ. ზურა, კიდევ ისევ ისე ძმურად უნდა ვიმღეროთ მალე, როგორც ვმღეროდით ყოველთვის. დიდი მადლობა, დათო ოქიტაშვილს.
შეგახსენებთ, ზურა დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომრეობა კრიტიკულია. ცხრა თვეა, რაც ისრაელის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული. დათო ოქიტაშვილის ორგანიზებით, პირველი არხის პირდაპირ ეთერში ჩატარდა ტელემარათონი იმისთვის, რომ საქართველოში ზურას ჩამოსაყვანი თანხა შეგროვდეს. როგორც მომღერლის ცოლი, ქეთი ვადაჭკორია ამბობს, ამ ეტაპზე ზურას რეანომობილით წამოყვანა შეუძლებელია.
” მეუბნებიან ჩვენ ხელს ვერ მოგიწერთო და მე ზურას სიკვდილზე ხელს ვერ მოვაწერ. 9 თვეა ვიბრძვი.
თუ უფლის ნება იქნება, ეგებ მოვასწრო ზურას ბოლო სურვილის შესრულება და მისი თბილისში ცოცხალი გადმოყვანა” – ამბობს ქეთი.












