ანსამბლ “ივერიის” განუყრელი წევრი, იუმორისტი ვახტანგ ტატიშვილი იუბილარია. არტისტი 79 წლის გახდა. როგორც ჩვენთან ამბობს, განწყობას ინარჩუნებს, იუმორის გრძნობას არ კარგავს და კოვიდპანდემიას თავს არ აჩაგვრინებს. საიუბილეოდ გაისად ემზადება. ახლა თვითიზოლაციაშია, არსად გადის. ჰაერს აივანზე ისუნთქავს და თავს უფრთხილდება.
ვახტანგ ტატიშვილი: – თავს როგორ ვგრძნობ და დაჩაგრულად. კორონავირუსია, სახლში ვერავის ვპატიჟებ. საიუბილეო ასაკიც არ არის. აი, გაისად მექნება საიუბილეო ასაკი, 80 წლის რომ გავხდები. მეც და ჯემალ ბაღაშვილიც 41-იანები ვართ. ეს აღნიშნეთ – 41! (იცინის) თუ ეს კორონავირუსი არ იქნა, დიდ დაბადების დღეს გადავიხდი.
რა ასაკია და არავითარი სიბრძნის და მიბრძნის. გამოცდილების კი არის. რა დიდი სიბრძნე იმას უნდა, რაც წინასწარ იცი, რა არის კარგი და რა – ცუდი.
ხუმრობა მაქვს, როცა მეკითხებიან როგორ ხარო, წელს ზემოთ არა მიშავს, წელს ქვემოთ რა გითხრათ-მეთქი. ყველა “ცუდ” რაღაცაზე ფიქრობს მაშინვე, არადა, მე მუხლებს ვგულისხმობ. წელს ზემოთ რომ კარგად ხარ, ეს კარგია, აბა, რა! თავი ნელ-ნელა მუშაობს, სახელები და გვარები მავიწყდება ხოლმე. ასაკია, მეტი არაფერი.
კარგ განწყობაზე ყოფნა იმუნიტეტისთვის კარგია. არ უნდა დაეცე. მეხსიერება თუ გიღალატებს, ეს სასიხარულო არ არის, მაგრამ ოპტიმისტური და ამაღლებული განწყობა საჭიროა.
პესიმისტური განწყობა არ ვარგა. ჟამიანობა ადრეც ყოფილა და ასეთივე მაშტაბები ჰქონდა. მაშინ აღსარიცხავად ვერ იცლიდნენ და არც ამდენი საინფორმაციო საშუალება იყო. რა ვიცი, აქამდე მოვედით და ღმერთი დაგვღუპავს?
კორონავირუსი რომ თარგმნო, გამოდის, ვირის გვირგვინი და გვინდა ახლა ჩვენ ვირის კარონა?
ახლა ხუმრობის გარეშე. სიფრთხილეა საჭიროა. სახლში ლიფტს არ ვიყენებ, ფეხით ჩავდივარ და ამოვდივარ. დახურულ სივრცეში ვირუსის გადადების მეტი რისკია. მოძრაობაც სასარგებლოა. მაგრამ ახლა შეზღუდული მაქვს მოძრაობაც. ჩემს აივანზე თუ გავალ და გამოვალ და ოთახებს გავანიავებ…
![]()
![]()
თავის მეგობარ ჯუჯას დაბადების დღეს ნუგზარ კვაშალი ულოცავს.
ნუგზარ კვაშალი: – ჩვენ მეგობრები ჯუჯობამდეც ვიყავით. ჯუჯები 1985 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ვჯუჯაობთ.
ისეთი სიმღერა ვიმღერეთ, რომელიც დღესაც პოპულარულია – “..სიყვარული, სიკეთე და სილამაზე…” ზუსტად ასეთია ვახო.
ნამდვილად არ ეტყობა, რომ 79 წლის გახდა. ბავშვივით არის, თავისი მაიმუნობებით, ხულიგნობებით, ყაჩაღობებით. უნიჭიერესი პიროვნებაა, მინდა დიდხანს იცოცხლოს.
მამამისი მწვანე კონცხზე, ბოტანიკურ ბაღში მუშაობდა და მწვანე გარემოში გაიზარდა. ის იოდიანი ჰაერი, პალმები და ბუნება დღესაც მის ფილტვებზე მოქმედებს. დღესაც კარგად გამოიყურება. ასე იყოს კიდე 20 წელი და მერე რაც უნდა, ის ქნას.
“ჟიგული” ჰყავდა და ფაქტობრივად ყოველ დილას, 10 საათიდან 11 საათამდე ადიოდა აჭარის “პერევალზე”, სადაც რადიო ყველაზე კარგად იჭერდა და ინგლისურ სიმღერებს იწერდა. მერე ვუსმენდით. ერთ დღეს მიადგა კაგებე და რას აკეთებთო, უთხრეს? ჯაშუში ხართ, რას გადაცემთ აკვადორიაშიო?.. რა ჯაშუში ვარ, სიმღერებს ვიწერ, ბატონო, სიმღერებსო. ყველაში ჯაშუშს ხედავდნენ. ვახო ჯაშუში კი არა გასტროლებზე რომ მივდიდოით, მალევე ენატრებოდა სამშოლო და უკან გამობრუნება უნდოდა.
როგორც მეგობარი უღალატოა. რაც არ უნდა დაღლილი იყო, უკან არ იხევს, თხოვნას ასრულებს, მოგყვება ყველგან. სუფრასთან რომ ვართ და უკვე “დათესვა” რომ მინდა, არ მიშვებს, დავრჩეთ, წესი – წესიაო. სხვანაირად უყურებს მეგობრობას, ჩახუტებას, ოჯახს, სამშობლოს. ვამაყობ, რომ ამდენი წელი მასთან ერთად დგომა მომიწია.
დღესაც ამოუცნობია, შეიძლება იმპროვიზაციულად სცენაზე ისეთი რამე “მოხიოს”, რომ არც გაგვიგია. იმპროვიზაციის მეფეა, რა. მე კი ვიკავებ თავს სიცილისაგნ, მაგრამ წიკლაური ფხრიწინით გარბის კულისებში.
გაისად ყველას მრგვალი ასაკი გვაქვს. მე 70 წლის ვხდები, ვახტანგი და ჯემალი – 80 წლის. მაგრამ ვის ახსოვს? კულტურაში ისეთი ხალხი მუშაობს, ვინც საერთოდ არ იცის, რა არის ესტრადა, კლასიკა, ანსამბლი. საერთოდ არც ის ვიცი, არსებობს თუ არა კულტურის სამინისტრო დღეს.













