მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კოვიდინფიცირებულთა გარკვეულ რაოდენობას, შესაძლოა, თრომბო-ემბოლიური გართულებები განუვითარდეთ, რაც აქამდე covid 19-ის ტიპურ ნიშნად არ მიიჩნეოდა. კერძოდ, სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული ჰოლანდიური კვლევის მიხედვით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი 184 პაციენტის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მათ თრომბო-ემბოლიური გართულებები აღენიშნებოდათ. საფრანგეთში და ნიდერლანდებში ჩატარებული კვლევების მიხედვით კი, თრომბო-ემბოლიური გართულებები კორონავირუსის მძიმე ფორმების მქონე პაციენტების 20-30% -ში გვხვდება.
თრომბოემბოლიამ, როგორც კორონავირუსის ერთ-ერთმა ყველაზე სახიფათო გართულებამ საქართველოშიც იჩინა თავი და სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტის თრომბოემბოლიით გარდაცვალების 2-3 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, ხოლო საზღვარგარეთ ასეთი შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია.
თრომბოემბოლია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს დამატებით გართულებებსა და საფრთხეს რომ უქმნის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც საუბრობს.
„როგორც აღმოჩნდა, ყველაზე საფრთხილო და მნიშვნელოვანი არის სისხლის შემდედებელი სისტემა და თრომბოემბოლიური გართულებები, რადგან ისე სწარაფად ვითარდება, რომ ყველაზე უფრო კარგი მობილიზაციის შემთხვევაშიც კი, სამედიცინო დახმარება უკვე დაგვიანებულია ხოლმე“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
რა არის თრომბოემბოლია, რა სიმპტომები ახასიათებს და რა იწვევს მას, ამ საკითხებზე „პრაიმტაიმი“ სისხლძარღვთა ქირურგს, მედიცინის დოქტორს მამუკა ბოკუჩავას ესაუბრა. მას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა არ უწევს, თუმცა ამბობს, რომ საშუალო და რთული სიმძიმის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები, რომელთაც თრომბოზური პრობლემა აქვთ, ვირუსის დამარცხების შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე უნდა დარჩნენ ექიმების მეთვალყურეობის და შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ.
– ბატონო მამუკა, საქართველოში თრომბოემბოლიის შედეგად, უკვე კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა, რა არის თრომბოემბოლია?
– თრომბოემბოლია ეს არის, თრომბული მასის ფილტვის არტერიის, მსხვილი მაგისტრალური სისხლძარღვების დაცობა თრომბული მახებით. ის შეიძლება ადგილობრივადაც განვითარდეს ფილტვში, მაგრამ ძირითადად მიგრირება ხდება ქვემო კიდურების სისხლძარღვებიდან. როდესაც მასიურია თრომბოემბოლია, შესაძლოა ამას ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
– რა სიმპტომები ახასიათებს თრომბოემბოლიას? გაგრძელება






