პანდემიამ ბევრ ადამიანს გაუქრო მოტივაცია, თავის თავში დაჯერება, იმედი. დღევანდელ რეალობაში არსებულ ღრუბლიან და დამთრგუნულ ველს, ბევრი თავისით ვერ უმკლავდება. ამისთვის არსებობენ ქოუჩები, ფსიქოლოგები, რომლებიც უმოტივაციო და დათრგუნულ ადამიანებს მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარებიან.
თინათინ ბასილაია – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში მუშაობს მათთვის, ვისაც პანდემიამ თავისი უარყოფითი კვალი დაუტოვა და ახალი პროგრამით “მკურნალობას” სთავაზობს.
უკვე ექვსი წელია თინათინი ადამიანებს საკუთარ თავში ძალის და შინაგანი საყრდენის პოვნაში ეხმარება, თვითრეალიზებაში, წარმატების მიღწევაში, ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, შინაგანი ბლოკებისა და კომპლექსებისგან გათავისუფლებაში უწყობს ხელს. მისი სამუშაო არეალი, როგორც ამბობს, 5 კონტინენტის 30 ქვეყანას მოიცავს.
თინათინმა ქართულად თარგმნა და გამოსცა ცნობილი ამერიკელი სპიკერის, ბაირონ ქეითის ორი ბესტსელერი (“გიყვარდეს ის, რაც არის” და “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?”)
მას თავისი პირადი მაგალითიდან გამომდინარე, მყარად სჯერა, რომ რა ეტაპზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ახლა, შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ და გავხდეთ ჩვენთვის სასურველი ცხოვრების შემოქმედი.
მას აქვს პროგრამა, რომლითაც ამგვარ დახმარებას უწევს მოტივაციის დეფიციტის მქონე ადამიანებს.
აი, რა ხდება ოთხკვირიან პროგრამაში სახელწოდებით “ახალი სუნთქვა“.
თინათინ ბასილაია: – პროგრამა სავარჯიშოებისგან შედგება. ზოგი სავარჯიშო არტ-თერაპიული ელემენტებით არის შედგენილი, ზოგი – ფსიქოლოგიური, ქოუჩინგური. ის ეხმარება ადამიანებს, დღეს, პანდემიის პერიოდში, ვისაც უიმედობა, შფოთვა, ნერვიულობა აქვთ, არ იციან რა გააკეთონ, რა უნდათ, როგორ მოაგვარონ პრობლემები. მათ ამ საკითხების დაძლევაში ვეხმარებით. როდესაც ასეთ სავარჯიშოებს ასრულებენ, უფრო რესურსულ მდგომარეობაში შედიან, შინაგანად მეტი თავდაჯერება ემატებათ.
პროგრამა დახუნძლულია სამოტივაციო სავარჯიშოებით. მას პროგრამის დახურულ ჯგუფში ნახულობენ და ასრულებენ. ორ-სამ დღეში ერთხელ იღებენ დავალებას. სულ ათი დავალებაა. შეუძლიათ თავიანთ გრაფიკს მოარგონ პროგრამა. გვაქვს კვირაში ორჯერ ჯგუფური მუშაობაც. ვაკეთებთ მედიტაციებს. ესეც ეხმარებათ, რომ დაგეგმონ არა მხოლოდ მომდევნო წელი, არამედ ზედიზედ – ხუთი წელიწადიც კი. დაფიქრდნენ რა სურვილები, მიზნები და რესურსები აქვთ.
გვაქვს სავარჯიშო, სადაც წარმატებებს ჩამოწერენ, რომელიც შეიძლება არც კი ახსოვდეთ, რადგან ადრე შეიძლება ჰქონდეთ მიღწეული. ამ ყველაფერს ერთიანად რომ გაიხსენებენ და თვალს გადაავლებენ, როგორ გზა გამოუვლიათ, ეს ადამიანს აძლევს დიდ რესურს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გაუმკლავდეს. არის სავარჯიშო – ძველი ნივთებისგან თავისუფლდებიან. ახალი რომ შემოვუშვათ ძველისგან გათავისუფლებაა მნიშვნელოვანი. ამისთვის ჩვენში ადგილი უნდა გამოთავისუფლდეს.
ეს სავარჯიშოები არის მოტივაციების გამოსაღვიძებლად, ადამიანებმა დაიბრუნონ სიცოცხლის ხალისი და კარგ განწყობაზე მოვიდნენ. თავში იპოვონ საყრდენი, სიძლიერე. პროგრამის მიზანიც ეს არის, სხვა ტალღაზე გადავიდნენ.
ამ პროგრამის პირველი ნაკადი დეკემბერში ჩავატარე და 417 ადამიანი იყო ჩართული. დიდი მუხტის ჯგუფი შედგა. კარგი გამოხმაურება იყო. წერდნენ, საერთოდ დამავიწყდა, რომ პანდემიაა, ვიღვიძებ და ვიძინებ ამ პროგრამითო. იმხელა მუხტი მივიღეთ, რომ ვერ ვიძინებდითო…
საქართველოში ბევრს არ ჰყავს მხარდამჭერი გარემო, ვინც გაამხენევებს, შემოუძახებს – ფარხმალი არ დაყარო და ყველაფერი გამოგივაო. პირიქით, შეიძლება ჩაუკლან სურვილები და მიზნები. წერდნენ, დღეს უენერგიოდ ვარ, დადებითი მუხტი გამომიგზავნეთო. მერე მას კომენტარებით ამხნევდნენ ჯგუფის წევრები… ამგვარმა მუხტმა გადამაწყვეტინა, რომ მეორე ნაკადი გამეკეთებინა, რომელიც 15 თებერვლიდან დაიწყება.
წინასწარ არავინ იცის, რა სავარჯიშო იქნება შემდეგი და ძალიან მომწონს “ვაუ ეფექტი”. თითოეული კვირა სხვადასხვა ამოცანებად და მიზნებადაა დაყოფილი. პროგრამაში მონაწილეობას სიმბოლური თანხა ადევს, 50 ლარი ღირს.
მუშაობის დროს განისაზღვრება რა რესურსი აქვს ადამიანს. ხატავენ რესურსულ მეს, შემდეგ ამ ქვეცნობიერიდან დახატულ ნახატს რომ უყურებენ, აღმოაჩენენ რაც აქამდე არ დაუნახავთ და არ აღმოუჩენიათ. საინტერესო რამ გამოსდით. იმ ნახატიდან იღებენ ინფორმაციას საკუთარი ქვეცნობიერიდან, რა რესურსები აქვთ. პოულობენ უნარებს, რომელის არსებობაც არც კი ახსოვდათ.

პროგრამას ჰყავს თავისი პარტნიორები. ქართული სტარტაპები და მცირე ბიზნესი შემოგვიამხანაგდა. გვექნება გათამაშება, ჩვენი პარტნიორები მონაწილეებს საჩუქრებს გადასცემენ. ყოველი 50-ე მონაწილე მიიღებს ერთ საჩუქარს. ყველაზე აქტიური და მონდომებული მონაწილისთვის მთავარი პრიზი გვაქვს. მას ამერიკიდან დაბრუნებული ქართველი მხატვრის, კატრინა ბადურაშვილის ნახატი (“წალკოტი”) გადაეცემა.
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე











