გუშინ ლენუკა ყიფშიძე საკუთარი ავტომობილით ავტოავარიაში მოჰყვა. ცნობილი მსახიობის ქალიშვილი, საბედნიეროდ, უვნებლად გადარჩა.
მოდელი მარტო იჯდა ავტომობილში და როგორც “პრაიმტაიმს” უყვებოდა, ვერც მიხვდა, როგორ ავარდა ბორდიურზე და ორჯერ ამობრუნდა.
ლენუკა ყიფშიძე: – 38 წლის ვარ და მსგავსი რამ კი არა, უბრალოდ არ გამიჩხაპნია მანქანა. ბორდიურზე ავვარდი, ხე გადამიტეხია, ორჯერ გააკეთა მანქანამ სალტო და სახურავზე დაეცა. ფილმებში რომ ხდება, წამებში… რამე არ მომივიდეს-მეთქი, გავიფიქრე. მარტო ვიყავი. მერე წიხლი ვკარი კარს და გადმოვედი. ხალხი დამეხმარა. იქვე ბიჭები ამბობდნენ, მსგავსი რამ ფილმებში თუ გვინახავს. არ გვეგონა, რომ ამ ავარიიდან გადარჩებოდიო.
“პრაიმამბებმა” ლენუკას მდგომარეობა დღესაც მოიკითა. როგორც აღმოჩნდა, მოდელს ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს.
ლენუკა ყიფშიძე: – მსუბუქი შერყევა მაქვს. ძირითადად უნდა იწვეო, მითხრეს ექიმებმა, მერე რომ თავის ტკივილები არ დამეწყოს. არადა, ბაკურიანიდან, გადაცემაში ჩასაწერად ჩამოვედი, თიკა ფაცაციასთან. გული დამწყდა, რომ ვერ მივდივარ.
ჩემს გარშემო უფრო ინერვიულეს, ვიდრე მე ვინერვიულე. მანქანა ისეთ დღეშია, რომ დავემშვიდობე. ზურამ ისე ინერვიულა… სულ მეჩხუბებოდა, საბურავები გამოცვალეო. ბაკურიანიდან გამოსაცვლელი საბურავებით მშვიდობით ჩამოვედი და აქ ამოვბრუნდი. ძალიან გამიბრაზდნენ მამაც და დედაც.
დედას ვეუბნებოდი დილით, სიკვდილს თვალებში ჩავხედე-მეთქი. საშინელი შეგრძნებაა. იქვე თვითმხილველებს არ სჯეროდათ, რომ გადავრჩი. ფილმებში რომ გინახავთ, რომ იცი, რომ არ უნდა მოკვდე, შენებზე რომ ფიქრობ, შვილზე, მშობლებზე, ოჯახზე. ჩემები-მეთქი, სულ ამას გავიძახოდი ისტერიკულად. შოკი მქონდა. “კაპიშონი” წამოვიფარე და ვბღაოდი… მეუბნებოდნენ, გვითხარი დედის ნომერი დავურეკოთო. ვერავის ნომერი ვერ გავიხსენე შოკისგან. როგორ მინდოდა ჩემიანის დანახვა. მაკანკალებდა. ეს შიში არ დამავიწყდება. თუმცა მინდა, რომ დავივიწყო.
სადარბაზოსთან როგორც კი ჩავჯდები, ღვედს მაშინვე ვიკეთებ. წესებს ვიცავ. კარგი მძღოლი ვარ. არავის არ ეშინია ჩემთან ერთად მგზავრობის, დიდ გზაზეც. ტელეფონს ხელში არ ვიღებ, ყურსასმენით ვსაუბრობ. არ მახსოვს და ვერც ვხვდები, რანაირად ავვარდი ბორდიურზე.
ეს ჭორები ხომ უმალ ვრცელდება. უცებ ფოტოები გადაუღეს ჩემს ამობრუნებულ მანქანას, მერე კლინიკაში რომ მიმიყვანეს, ვიღაც დარაჯს უთქვამს, უი, ზურას გოგო საწყალი, გარდაცვლილაო…
ეს წელი ჩაგვამთავრებინა და არაფერზე ვდარდობ. ჯანმრთელობის ფასი არაფერია. ამ ერთ ღამეში ისეთი გადაფასება გავაკეთე, სულ სხვანაირი გავხდი.










