ცნობილი ქართველი ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე მეორე შვილის მოლოდინშია. ის და მისი საქმრო აკა სამხარაძე ბიჭს ელოდებიან, რომელიც ნოემბრის ბოლოს უნდა დაიბადოს.
თამო და აკა უკვე რამდენიმე თვეა ერთ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მათთან ერთად ცხოვრობს ფოტომოდელის ქალიშვილი სოფიაც.
“პრაიმამბები” ფოტომოდელს ესაუბრა.
– ბავშვს თვის ბოლოსკენ ველოდებით, გვინდა 1 დეკემბერს აკას დაბადების დღეზე დაიბადოს. თუ მამიკოს დაბადების დღეზე დაიბადება, მის სახელს დავარქმევთ. სხვა სახელი ჯერჯერობით შერჩეული არ გვაქვს.
– როგორი ორსულობა გაქვთ?
– რთული ორსულობა მქონდა. ვენებზე დამეწყო პრობლემა, რაღაც “კალგოტკები” გამომიწერეს, მაგრამ ნერვოზი დამმართა, ეს გამაგიჟებდა თუ ისე გავგიჟდებოდი რა მნიშვნელობ ჰქონდა? ამიტომ მხოლოდ ორჯერ მეცვა. მაწუხებდა წნევები, მქონდა ტოქსიკოზი და საშინელი ხასიათი გამიხდა.
სოფიაზე უფრო მარტივი ორსულობა მქონდა. როგორც ჩანს, მალე დავრჩი ორსულად მეორე ბავშვზე და ვერ მოახერხა აღდგენა ორგანიზმმა.

– აკა დაესწრება თქვენს მშობიარობას?
– აკა კი არა, დაქალი და დედაც არ მინდა დაესწროს ჩემს მშობიარობას, ეს ინტიმური პროცედურაა, მხოლოდ ექიმი და პაციენტი უნდა იყოს მაგ დროს სამშობიარო ბლოკში. ბევრ ქალს ამშვიდებს ქმარი მშობიარობის დროს გვედით, მაგრამ მე ასე რა ვფიქრობ.
მშობიარობა ისეთივე ინტიმური და პირადი პროცედურაა, როგორც ფეხის გაპარსვა.
– თითქმის სამი თვეა რაც თქვენი საქმროს სახლში გადახვედით საცხოვრებლად, რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებისას?
– ახალი არაფერი აღმომიჩენია, მანამდეც დიდ დროს ვატარებდით ერთად. სოფიასთან, ძიძასთან და კატასთან შეგუება მეგონა რთული, მაგრამ გამიმართლა, ყველაფერი კარგად წარიმართა. შინაურულად ვართ ყველა. სოფიას კარგი ურთიერთობა აქვს აკასთან, კაკოს ეძახის და დილის როცა სამსახურში მიდის ემშვიდობება.
სიყვარულს ასხივებს სოფია და აკაც მოსიყვარულეა ბავშვების მიმართ, შესაბამისად მშვენივრად გრძნობენ თავს. ხშირად ერთად თამაშობენ და ზოგჯერ მეც კი ვეჭვიანობ, აკამ თავისკენ არ გადაიბიროს.

– სადედამთილოსთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– არ მიყვარს აკაზე და მის ოჯახზე საუბარი. უბრალოდ ვიტყვი მართლა გამიმართლა. ქალად ვერ აღვიქვამ დედამთილს, გოგოშკას ვეძახი. აკასთან თუ ვიკამათებ ჩემს მხარესაა.
– ბავშვის დაბადების შემდეგ ქორწილის გადახდას ხომ არ გეგმავთ თქვენ და აკა?
– არ გვიფიქრია ამაზე, უცბად მოხდა ყველაფერი და დანარჩენს დრო გვიჩვენებს, მე კარგად ვგრძნობ თავს, როცა პატარა კაკო დაიბადება, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ყველა ოჯახად აღვიქვამს, ბეჭედი რა აუცილებელია? მე ვფიქრობ ქალმა ერთხელ მაინც უნდა იქორწინოს, მაგრამ ახლა არ ვჩქარობ.







