პანდემიამ შოუ-ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ძალიან დააზარალა, რადგან სხვადასხვა რეკომენდაციებთან ერთად, უკვე წელიწადზე მეტია აკრძალულია ხალხმრავალი ღონისძიებები.
ბევრმა მომღერალმა დროებით სხვა სფეროში გადაინაცვლა და მათ შორის არის სალომე ბაკურაძეც.
უკვე რამდენიმე დღეა, ის სამედიცინო სფეროში დასაქმდა და სამედიცინო ჰოლდინგი 23-ის პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
თავის ახალ საქმიანობაზე სალომე „პრაიმამბებს“ ესაუბრა.
– ჩემი ახალი სამსახური არის პირველადი ჯანდაცვის კლინიკა, სამედიცინო ჰოლდინგი 23, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვარ.
ეს კლინიკა ჩემს ოჯახს ეკუთვნის და აქამდეც ვიყავი აქტივობებში ჩართული, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დიდი დრო არ მქონდა.
ახლა რადგან ბევრი დრო გამომიჩნდა, სრულად ამ საქმეში ვარ ჩართული. სამედიცინო სფერო ახლა ძალიან აქტუალურია, შესაბამისად ძალიან ბევრი მუშაობა მიწევს.
მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ვარ ორიენტირებული. ძალიან მომწონს ეს სფერო, საინტერესოა და გაფაციცებით ვაკვირდები ყველაფერს.
ამ კლინიკაში მუშაობენ ჩემი შვილის ექიმები და როცა პირველ დღეს მოვედი სამსახურში, ეგონათ სტუმრად მივედი და როცა გაიგეს, ყოველდღე მათ გვერდით ვიმუშავებდი ძალიან გაეხარდათ.
ყველა ადამიანს ჯანმრთელობას ვუსურვებ, პრევენციისთვის აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ხშირად კვლევების ჩატარება, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით.