ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი კოვიდადებითი პაციენტია, მას ტესტის პასუხი გუშინ მიუვიდა და მკურნალობის კურსს სახლში გადის.
„პრაიმამბები“ უმშვენიერეს მანიკას დაუკავშირდა და მისგან შეიტყო, როგორია მისი კოვიდ ისტორია.
– მანიკა, როგორ გრძნობთ თავს?
– სიმპტომების გამოვლენიდან მეხუთე და ტესტის პასუხის მიღებიდან მეორე დღეა. ავად ვარ, მაგრამ ცუდად არ ვგრძნობ თავს, როგორ საშიშადაც აღიქვამენ ამ ვირუსს, ისე ნამდვილად არ ვარ.
– რა სიმპტომებით დაგეწყოთ კორონავირუსი, რატომ გადახვედით თვითიზოლაციაში თავიდან?

– თვითიზოლაციაში იმიტომ გადავედი რომ მქონდა შეციება, მციოდა და რეალურად სიცივე არ იყო. ასევე, ცოტა ყელი ჩამეხეხა. ამის შემდეგ გავიკეთე ტესტი, იმიტომ რომ დადასტურებულ შემთხვევასთან მქონდა კონტაქტი. სანამ ტესტის პასუხი მოვიდოდა, იმ ღამეს ყნოსვაც დავკარგე.
ჩემს სიძეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის ვნახე შაბათს, სტუმრად ვიყავით ჩემს დასთან, მეორე დღეს კი სამსახურში წავედი. ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით, იმედის შაბათ-კვირის დილა ეთერში ამ კვირაში არ გავა.

ვერ ვიგებ როგორ დავინფიცირდი. მგონია მანამდე მქონდა კორონავირუსი და უბრალოდ დროში დაემთხვა, ჩემთან და ჩემს სიძესთან ვირუსის გამოვლენა.
ჩემს დასთან ერთად ცხოვრობს, ერთ საძინებელში სძინავთ, ჩემს ქმართან ხშირი ურთიერთობა აქვს და ვერ ვხვდები, მე როგორ დავინფიცირდი და ისინი არა.
– ივახშმეთ ერთად, არ დაიცავით დისტანცია თქვენს დასთან სტუმრობისას თუ რა ხდებოდა?
– ყველანაირ წესებს ვიცავდით. არც გვივახშმია, რადგან საღამო იყო და მე გვიან ჭამას ვერიდები. ახლო კონტაქტიც არ გვქონია და არც კი გადამიკოცნია.

– ბევრ ადამიანთან გქონდათ კონტაქტი?
– ეს პერიოდი ვერიდებოდი ბევრ ადამიანთან ურთიერთობას, მხოლოდ სამსახურში დავდიოდი და დარბაზში ვვარჯიშობდი. დარბაზში მწვრთნელთან მქონდა შეხება და ისიც თვითიზოლაციაშია. მგონია ჩემი კლასტერი არ შეიქმნება.
– როგორ გაგყავთ დრო?
– რთულია ჩემს შვილს – გიოს რომ ვერ ვეხუტები, მაგრამ რა ვქნა. შეკეტილი ვარ ჩემს ოთახში, სასტუმროს ნომერივით არის. სახლში დამლაპარაკებელი მაინც მყავს. ეს ორი დღე სწრაფად გავიდა, მირეკავენ და ტელეფონი არ დამიდია. ვკითხულობ წიგნს, ვუყურებ ფილმებს. ჩემნაირი აქტიური ადამიანისთვის რთულია ერთ ოთახში გამოკეტვა, მაგრამ ყველაფერს ეგუება ადამიანი და გადავლახავ.








