აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა “პროექციაში” ნინო ქათამაძისა და ექიმ დავით ლოლაძის ვაჟის, ნიკოლოზ ლოლაძის ინტერვიუ გავიდა.
12 წლის ნიკოლოზმა ისაუბრა განათლებაზე, მშობლებზე, ფიქრებზე, რელაქსზე… როგორც ის ამბობს, დედას სიმღერებს მხოლოდ მის კონცერტზე უსმენს. თუ რატომ, ამაზე ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნიკოლოზ ლოლაძე: – ონლაინ სწავლების პირველი რადენიმე თვე, ქაოსური იყო, მერე დალაგდა. მაგრამ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა დაკარგულია. რას გაიგებს მასწავლებელი რას აკეთებ, როცა გამორთული გაქვს კამერა. მაგრამ გავუძელით ამას.
სკოლაში ცოდნის ფუნდამენტს იღებს, ეჩვევი შრომას, რომელიც მერე უნივერსიტეტშიც გამოგადგება და სამსახურშიც.
წარმატება ჩემთვის იმ დონის მიღწევაა, საკუთარი თავით რომ კმაყოფილი ხარ.
ხშირად მიფიქრია რისი კეთება მინდა, რა მინდა. აზრი ბევრჯერ შევიცვალე, რადიკალურადაც. რაც იზრდები და პასუხისმგებლობა გემატება და მეტ შრომას დებ განათლებაში, ხვდები, რა, როგორ გინდა. ამ ეტაპზე მიზნად დავისახე, რომ კმაყოფილი არ ვიყო საკუთარი თავით და მუდმივად ვიზრუნო განვითარებაზე.
მიყვარს საგნები – ისტორია, ქიმია, ბიოლოგია. ვფიქრობ ის საგნები, რაც სკოლაში ისწავლება, ყველა საჭირო არ არის სამომალოდ. თუმცა საინტერესოა, ვაღიარებ.
ერთმა მსახიობმა თქვა და გავიმეორებ, თავისუფლება არის, როდესაც საქმე გააკეთე, მოდიხარ სახლში, ჯდები დივანზე და ისვენებ. თავისუფლება არ არის, რაც გინდა გააკეთე და არ დაემორჩილო კანონს. თავისუფლება არის – აზრის, არჩევანის, ქმედების თავისუფლება…
დედას მე არ ვუყურებ, როგორც დიდ მომღერალ ნინო ქათამაძეს. მე ნინო ქათამაძის შვილი ვარ და პატივი მეცით – ეს ჩემგან არასდროს ყოფილა. პატარა რომ ვიყავი ამით ვმარიაჟობდი. მერე გავაანალიზე, რომ როცა დამოუკიდებელი ადამიანი გახდები, აღარავის არ ემახსოვრები იმით, რომ ნინო ქათამაძის შვილი ხარ, რადგან იქნები მარტო და სანამ შენ სახელს არ მოიხვეჭ, არავის ეცოდინები.
ნინოს შვილობას ნეგატივი ის ჰქონდა, რომ თუ ვინმეს არ მოვწონდი, მაგრამ გაიგებდა, ვისი შვილი ვარ და იცვლიდა ჩემდამი დამოკიდებულებას. მე ასეთ ბავშვებთან მეგობრობა შევწყვიტე. მე მყავს ისეთი მეგობრები, ვისაც არ აინტერესებს, ვისი შვილი ვარ, უბრალოდ მემეგობრება.
მშობლებთან ვმეგობრობ ყოველთვის. რჩევებს მაძლევენ და ამ რჩევებს კარგად ვიღებ. დედის სახელი რომ გავწიოთ ან მამის, დღის ბოლოს, ისინი, ჩემი მეგობრები არიან, ვისაც ყოველთვის სურს ჩემი დახმარება, რადგან უნდათ, რომ მე უკეთესი ვიყო. ადამიანები გვიყვარს მიზეზების და პირობების გარეშე.
როცა ვხატავ, ვუსმენ ჰიპ-ჰოპს. ხანდახან ხატვისას უაზრო აზრები მომდის, მაგალითად, კვერცხი მიკროტალღურ ღუმელში სკდება, მაგრამ კარაქს რა მოუვა? ეს უაზრო აზრები რომ არ იყოს, სულ დათრგუნული ვიქნებოდით და ვიფიქრებდით – ერთ დღეს ყველა მოვკვდებით და რა გავაკეთოთ?უემოციო გოთები ვიქნებოდით.
დედას მუსიკას კონცერტებზე ვუსმენ, ისე – არა. მის სიმღერებს ერთი მიზეზით არ ვუსმენ, მე მინდა მის მუსიკაში გაუკვალავად შევიდე. არ შევამჩნიო ისეთი რამ, რაც წინა სიმღერებში აქვს გამოყენებული.
მიყვარს საკუთარ თავთან საუბარი. სიჩუმე და სიმარტოვე მიყვარს. ვარ სენსიტიური და ემოციური.







