ნინო ქათამაძე კონცერტებზე ხშირად ატარებს ერთ საყურეს, რომელიც, როგორც ამბობს, მისი თილისმაა. საყურე მომღერალს ოქრომჭედელმა მამამ აჩუქა.
ნინო ქათამაძე: – ეს საყურე ჩემთვის თილისმაც არის და სახლის სიყვარულიც.
ეს საყურე დიდი ხნის წინ მაჩუქა მამამ და ძალიან მიყვარს. ის და ჩემი ორი ძმა ოქრომჭედლები არიან. ერთხელ საყურესთან ერთად ბუმერანგი გამომიგზავნა და მითხრა, ისეთ ადგილას დადე, რომ გახსოვდეს – რასაც გაგზავნი, ის დაგიბრუნდებაო. სულ მახსოვს, მამაჩემის ნათქვამი.
როდესაც ოჯახის წევრები მენატრებიან, ამ ნივთებს ვატარებ. ბებია რომ მომენატრება, მის შარფს ვიკეთებ, რომელიც მის სურნელს ატარებს. დეიდას მოსასხამს მაშინ ვიცვამ, როცა მენატრება. მათბობს, ძალას მმატებს და სიყვარულზე მელაპარაკება.







