იმედა კახიანს ბევრი რამ აქვს ქართველი ხალხისთვის სათქმელი. მსახიობს ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებსა და ამ ვითარებიდან გამოსავალზე ვესაუბრეთ:
– მეტისმეტად აფორიაქებული ვარ. რატომ? – ჩემს საყვარელ ხალხს და სამშობლოს ვხედავ აფორიაქებულს. ადრე ის მაინც ვიცოდი, სად ვცხოვრობდი და რისთვის ვარსებობდი, ახლა კი არ ვიცი, ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო თუ ჰქვია საერთოდ, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მოყვარე, საით მივდივართ და რას ვაკეთებთ.
– პოლიტიკოსებს შორის თქვენი რჩეული ვინ არის?
– მიპასუხეთ ერთი, ვინ არის პოლიტიკოსი – შეშლილი სახით ქუჩაში რომ დგას, რაღაცას ყვირის და მეორე დღეს პარლამენტში ჯდომა და თანამდებობა რომ უნდა? ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ სკამი და ძალაუფლება მოიპოვონ. ვინც მექრთამე და მომხვეჭელია, დღედაღამ წესიერებასა და პატიოსნებაზე ლაპარაკობს, ვინც ცრუ და მატყუარაა – სიმართლეზე. ასეთი ხალხი ქვეყანას როგორ ააშენებს?
გახარიას გადადგომაზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მე ამ კაცს სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა. რად გინდა? – გააქციეს. ისიც გააქციეს და ბიძინა ივანიშვილიც. ივანიშვილზე ნაკლები ფული კი არა აქვს ხალხს, ერთი სკოლა და საბავშვო ბაღი რომ არ აუშენებია? საქართველოში სოფელი და რაიონი არ არის, იქ მილიონერი არ იყოს დაბადებული, მაგრამ კაპიკი არავისთვის ემეტებათ.
ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსი როგორაა? გუშინ რომ დარბოდა, ყვიროდა, ჩხუბობდა და ილანძღებოდა, გაიხედავ და დღეს პარლამენტში ან მთავრობაშია.
– თქვენთვის თუ შემოუთავაზებიათ ოდესმე მაღალი თანამდებობა?
– როგორ არა, არაერთხელ. მეც შემეძლო პარლამენტის წევრი გავმხდარიყავი, მაგრამ უარი ვთქვი – რატომ უნდა შევაჯავრო ჩემს ხალხს თავი-მეთქი…
იცით, ყველაზე მეტად რა არ მომწონს? – ვისაც არ ეზარება, უცხოეთიდან ყველა ჭკუას რომ გვასწავლის. მე რომ ახლა თურქეთში ან რუსეთში ჩავიდე და იქაურ პოლიტიკოსებს ჭკუის დარიგება დავუწყო, ხომ კინწისკვრით გამომაგდებენ? უცხოელმა რატომ უნდა მისცეს თავს უფლება, ჭკუა დაგვარიგოს – ჩვენზე მეტი ზრდილობა აქვთ თუ უკეთესი წარსული? აბა, იგივე სხვა სახელმწიფოებს გაუბედონ, რა პასუხს მიიღებენ? საკუთარ ქვეყანაში ნაბიჯს ვერ გადადგამ, ხან იქიდან აგიწევენ ყურს და ხან აქედან. რა სახელმწიფოა ეს? ან ეს ძიძგილაობა განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს შორის როდემდე უნდა გაგრძელდეს?
ოპოზიცია აცხადებს, არჩევნები გაყალბებულიაო, მაგრამ ამას დამტკიცება ხომ უნდა? გარდა ხარჯისა, ეს ქვეყნის იმიჯზეც ხომ აისახება? თუ ვერ ამტკიცებენ, რომ ძველი გაყალბდა, ახალ არჩევნებს რა უფლებით მოითხოვენ?
წყარო: კვირის პალიტრა







