გურამ დოჩანაშვილი შვილის გვერდით დაიკრძალა, საბურთალოს საძმო სასაფლაოზე. ისევე მოკრძალებულად წავიდა, როგორც იცხოვრა.
მწერლის მეუღლესთან, ნათელა სეფიაშვილთან მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის წინადადებით მისულ ბავშვობის მეგობარს, მოძღვარს და ახლობელ მსახიობს, ასეთი პასუხი დახვდა: ის შვილთან მიდის, ასეთი იყო მისი სურვილი და დამთავრდაო.
მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, რომელიც “დოჩანასთან” მეგობრობდა, ელოდა, რომ კლასიკოსი, მახათას მთის ახალ პანთეონში დაიკრძალებოდა.
ლაშა თაბუკაშვილი: – მქონდა პატივი მემეგობრა ამ საოცარ მწერალთან, უნიკალურ პიროვნებასთან, რომელიც ძალიან გავდა საკუთარ მწერლობას.
ამბობენ, რამხელა სიცარიელე გაჩნდაო. გურამის წასვლით, ვიტყოდი, ახალი სისავსე გაჩნდა. მონატრების სისავსე. მისი ერთი მოთხრობა რომ ავიღოთ – “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, სახელმძღვანელო უნდა იყოს მრავალი ერისთვის. ამ ტექნოლოგიურ საუკუნეში, ის უნდა წააკითხო ახალგაზრდებს.
მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა. მისი თვისებებიდან, ნიჭის შემდეგ, თავმდაბლობას გამოვყოფდი. თუმცა ესეც ნიჭია. უნიკალურია ამით. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ თავმდაბლები და ხშირად ჩანს, რომ მხოლოდ ვცდილობთ. ის ბუნებრივად იყო თავმდაბალი, რადგანაც იყო ღრმადმორწმუნე ადამიანი.
დიდ სიბრძნეს ბავშვობაც მოსდევს და მიამიტობაც. ყოფითში შეიძლება მიამიტი იყო, მაგრამ ყველაფერი რაც გარშემო ხდებოდა, იცოდა ძალიან ღრმად.
წარმოიდგინეთ მერვე კლასელი ბიჭი, მისი ლეგენდარული კლასელებით, დისიდენტობისთვის დააპატიმრეს. ვოვა სიხარულიძესთან, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად დააპატიმრა კაგებემ. იქიდან დაიწყო მისი ბიოგრაფია. არც ქუჩა დაკლებია, არც თბილისური ბიჭობა და არც ბოჰემური ცხოვრება, რომელიც ცოტა ზედმეტი მოგვდიოდა. მაგრამ ახლა მასთან ყოველ შეხვედრას, როგორც ძვირფას მოგონებას, ისე ვინახავ.
ჩემთვის მაინც მოულოდნელობა იყო, რომ მთაწმინდაზე დაკრძალვაზე უარი თქვა. უფრო ზუსტად კი, ჩვენ მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ქტიტორები გახლავართ და რატომღაც მეგონა, რომ იქ დაიკრძალებოდა. მაგრამ მაინც მისმა შვილმა, ირაკლიმ გადაძალა ყველა და ყველაფერი.
მისი ტრაგედიის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში, უშუქობაში, ღამის 4-5 საათზე, ჩემს კარზე ზარი მე აღარ მიკვირდა. ვიცოდი, ეს იყო გურამი. მოდიოდა და უკვე გარდაცვლილი მამაჩემის, რეზოს ფოტოებს ეფერებოდა და თხოვდა, ჩემს ირაკლის მიმიხედეო. გაგრძელება…







