ინტერნეტ-სივრცეში მსახიობ მიშა მესხის ფოტო გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მიშა ფოტოზე რამდენიმე მეგობართან ერთად არის გადაღებული, რომელთაგან ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი ასტამურ გულუაა. ის ქურდად 2012 წლის დეკემბერში, ახალი თაობის ქურდებთან ერთად “აკურთხეს” და ზუსტად ერთ თვეში საკუთარ სახლთან მოკლეს.
„პრაიმამბები“ მსახიობს დაუკავშირდა და მასთან ასტამურ გულუაზე ინტერვიუ ჩაწერა.
– მიშა, როდის არის ასტამურ გულუასთან ერთად გადაღებული ფოტო?
– ეს ფოტო მგონი 2011 წელს გადავიღეთ თბილისში. ასტამურა ჩემი ძმაკაცი იყო, მაგასთან სოხუმშიც დავდიოდი. იმ პერიოდში, როცა ეგ ფოტო გადავიღეთ მგონი ქურდი არ იყო, მოგვიანებით „მოინათლა“.
ძალიან მაგარი და უწესიერესი კაცი იყო. ერთერთი ის ადამიანი იყო, რომელსაც შეეძლო ქართველები და აფხაზების შერიგება.
– როგორ?
– პოლიტიკურ დონეზე არა, მაგრამ შეეძლო ასობით ადამიანი დაეძმაკაცებინა, ისე როგორც მე მყავს აფხაზი ძმაკაცები. მე ჩავდივარ მათთან, ისინიც ჩამოდიან ჩვენთან. მოწვევას ვუკეთებთ ერთმანეთს და ზოგმა საქართველოს პასპორტიც აიღო.

– როდის დამეგობრდით თქვენ და ასტამურ გულუა?
– მე და ასტამურა 2004 წელს დავმეგობრდით, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გამაცნო. ჩამოდიოდნენ მაშინ, ვიკრიბებოდით ისე როგორც საჭირო იყო. სამაგალითო ადამიანი იყო ასტამურა, მაგაზე ქურდი არ ითქმება, უფრო პაცეფისტი იყო.
– სხვა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან თუ მეგობრობთ?
– არ ვიცი, შეიძლება მყავდეს ბავშვობის მეგობრები ქურდები, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ. არ მაქვს ურთიერთობა, იმიტომ რომ ვერ შემოდიან ქვეყანაში ქურდები. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ქურდია თუ პოლიციელი, მთავარია ადამიანი იყოს.
– როცა „ქურდად მოინათლა“ ასტამურ გულუა, გქონდათ ურთიერთობა?
– კი კი, მირეკავდა. ევროპაში ცხოვრობდა. მეუბნებოდა ჩამოდიო, მაგრამ გადაღებები მქონდა და ვერ ჩავედი.
„კაკ რაზ“ სოხუმში როცა ჩავიდა დამირეკა და იქედან იტალიაში როცა დაბრუნდებოდა, მე და ჩემი ყოფილი მეუღლე, ია სუხიტაშვილი უნდა ჩავსულიყავით ევროპაში, მაგრამ ასტამურა საკუთარ სახლთან მოკლეს.
იმდენად წესიერი კაცი იყო, არავის დაჩაგრავდა, ვერც გავლენების მსხვერპლი გახდებოდა, ნეიტრალური ეჭირა, ეგ ვერ აიტანეს ვიღაცეებმა და იმიტომ მოკლეს. კიდევ იყო სხვა დეტალები, მაგრამ ინტერვიუში ვერ მოვყვები.







