დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, რომელსაც საზოგადოება კოლხის ფსევდონიმით იცნობს, 27 იანვრიდან ერთაწმინდაშია. დეკანოზმა დედაქალაქისა და ოჯახისგან დროებით ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა. როგორც “პრაიმტაიმისთვის”, თბილისიდან “გაპარვამდე” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, 40 წლისას (27 იანვარს გახდა), ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ბრძოლები დაეწყო. გადაწყვეტილი ჰქონდა ეკლესიიდან წასვლა! არ მინდოდა სასულიერო პირი ვყოფილიყავიო…
და აი, ხმაურსა და ქაოსზე ორკვირიანი განრიდების შემდეგ, სასულიერო პირი ჩვენთან ამბობს, რომ უკვე ისე შეეჩვია ულამაზეს ერთაწმინდას, რომ დედაქალაქში რადიოგადაცემების წასაყვანად ჩამოსვლა ეზარება.
პეტრე კოლხი: – იმდენად გაუცხოვდა ჩემთვის ხმაური, ტრანსპორტი, რომ ერთი დღით ადრე, მორალურად ვემზადები ამისთვის. ძალიან გადავეჩვიე. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი აქამდეც უნდა გადამედგა.
ამ ნაბიჯით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილება ბევრმა უნდა მიიღოს. იმდენად აჩქარდა მოვლენები და ზოგადად იმდენად შეიცვალა ადამიანების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, უნდა შევეცადოთ ამ სირთულეებს განვერიდოთ. ყოფითი პრობლემებით აუტანელად დამძიმებული ყოფა და ადამაინების შეცვლილი ფსიქოლოგია, მით უფრო თვალში საცემი ხდება, რაც შორდები და მანძილიდან უყურებ ამ ყველაფერს.
ქალაქში მეტია ფარისევლობა, პირფერობა, გაუტანლობა და აგრესია. ამიტომ სოფელში განრიდებით სიმშვიდესაც მოიპოვებთ, შინაგან თავისუფლებასაც, უფრო მეტად ბედნიერები და ლაღები იქნებით, ვიდრე ამ ხმაურიან სიცარიელეში.
– ფეისბუქისგან შორს ვიქნებიო, თქვით. ჯერ ეს არ გამოგდით, არა? ერთაწმინდიდან სტუმრებთან ერთად ლაივჩართვებს აკეთებთ.
– ეგეც დროებითია. მალე დავემშვიდობები. ახლა რომანის წერას ვიწყებ და ამ სისულელეებისთვის არ მეცლება.
– რა რომანი?
– უფრო ავტობიოგრაფიულს ვფიქრობ. იმდენი ცხოვრებისეული ეტაპი გავიარე, საკუთარი თავი საკმარისია იმისთვის, რომ მხატვრული ნიმუში შევქმნა. ეს რომანი ბევრი ადამიანის ერთგვარი საზრდო იქნება. მათთვის გამოცდილების მიმცემი.
მე გამჭირვალე ურთიერთობები მიყვარს. არ მიყვარს რაიმეს ფსკერზე შენახვა. როცა რაიმეს “ვინახავ”, მერე თვითონ ვარ შფოთსა და ქაოსში საკუთარ თავთან. დასამალიც არაფერი მაქვს. ყველა წიგნს მისი მკითხველი ჰყავს, ყველა ადამიანს – თავისი გულშემატკივარი. ვიღაცისთვის ეს საინტერესო იქნება, ვიღაცისთვის – საქილიკო. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
გეტყვით ერთ სიახლესაც – რადიო “ჯორჯიან თაიმსმა” სატელევიზიო პლათფორმა დააარსა და მე ჩემ საატორო გადაცემას ერთაწმინდის სახლიდან წავიყვან. “სტუმარს” ვარქმევ და იქნება ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური გადაცემა. ეს იმდენად დიდ პასუხისმგებლობას და მომზადებას ითხოვს, რომ თბილისში, ხმაურში, საცობში და ბევრ სისულელეში დახარჯულ დროს, ანაზღაურება უნდა. ბევრი უნდა ვიკითხო, ვწერო და ვილოცო…
ვისაც ჩემთან შეხვედრა მოუნდება, მე მათთვის პატარა სივრცე მაქვს გამოყოფილი, მოვიდნენ და ვუმასპინძლებ.
– ღვთისმსახურებას სად აგრძელებთ?
– სვეტიცხოველში ვარ. ერთაწმინდის მოსახლეობამ დიდი სიყვარულით მიმიღო. ეს ადამიანები ერთმანეთისგან თბილ სიტყვას არიან მონატრებულნი. მე სულ იმას ვამბობ, რომ რელიგია ჩვენ ვართ, ადამიანები. როცა მშიერს დააპურებ, იმ ადამიანს აძლევ სტიმულს, რომ რელიგია მხოლოდ ამბიონიდან სიტყვების რახა-რუხი არ არის. ჩემგან იქაურებმა პრაქტიკული ნაბიჯები დაინახეს (სახლშიც ხშირად მსტუმრობენ). მინდა ეს ხალხი ვანუგეშო, ღმერთთან ახლოს მისვლაში დავეხმარო. ბუხართან, ნათქვამი თბილი სიტყვით გული გავუთბო. თუ ადგილობრივი მღვდელმთავრების სურვილი იქნება, მზად ვარ რომელიმე მიყრუებულ ტაძარში წირვა ჩავატრო და მრევლის გადაადგილებაც ვუზრუნველყო.
– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენ “წასვლას”?
– მოდიან, ჩემთან რჩებიან. მიმოსვლა გვაქვს. მე ოჯახიდან კი არ გავქცეულვარ და პასუხისმგებლობას კი არ გავექეცი. ამ ეტაპზე ეს სჭირდება ჩემს სულს და ამ გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყო. ადამიანებს რომ რამე საინტერესო მისცე, თავად ხომ უნდა გაგაჩნდეს? სხვას ვერ დავეხმარები, თუ მე საკუთარ თავში დასახმარებელი აღმოვჩნდები. ამდენად, ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედო, რომ სხვაზე ზრუნვა განვაგრძო.







