თეა დარჩია 50 წლის გახდა. საუკუნის ნახევარი შევასრულე და მე როგორიც მინდოდა, ისეთი დაბადების დღე გადავიხადეო, ამბობს მოცეკვავე. შუაცეცხლი, მეგობრები, სუფთა ჰაერი, ცეკვა… – აი, ასეთი განსხვავებული დაბადების დღეც გამოუვიდა. “პრაიმამბებთან” დეტალებსაც იხსენებს.
თეა დარჩია: – ასაკს არ ვმალავ. რა მაქვს დასამალი? მარიამი თუ 30 წლის არის, მე 50 წლის არ უნდა ვიყო? რანაირად მალავენ ასაკს ან რატომ? არ მესმის. ვის ატყუებ? მთავარია, შენ არ გრძნობდე თავს მოხუცებულად.
50 წელი, იცით, როგორია? აქამდე ცხოვრების რეპეტიცია იყო, ახლა ვიწყებ რეალურ ცხოვრებას.
ჩემი მოსწავლეები, ჩემი კოლეგები “სუხიშვილების” აკადემიური ანსამბლიდან, მეგორები, ვინც შეძლო მოსვლა, ისინი მოვიდნენ.
სუფთა ჰაერზე მოვუსმინეთ მუსიკას, ცოცხლად ვიურთიერთობეთ ერთმანეთთან. სიყვარულით გავიტენეთ… დავანთეთ შუაცეცხლი, რომელიც მოსწავლეებმა მისაჩუქრეს. შუა ცეცხლი სტუდიის ღია საცეკვაო სივრცეზე დავდგით, შემოვუსხედით, ვიცეკვეთ… ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა – ცეკვა, მუსიკის მოსმენა, ურთიერთობა თუ სმა-ჭამა.
პანდემიამდე როგორი დაბადების დღეებიც გვქონდა, მომბეზრდა, საჭმელების მზადება, მერე რომ აღარც მეგობრების თავი გაქვს, აღარც სტუმრების, აღარც ჩაცმა გინდა. მერე უნდა ემსახურო, უნდა იჯდე, უსმინო, როცა გეტყვიან, მაშინ უნდა ადგე.
მოკლედ, ნახევარი საუკუნის ვარ და როგორც მინდოდა პანდემიის და რეგულაციის პირობებში, ისე გადავიხადე. პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარით ჯიბეში.
ოღონდ გოგოებს ნაფტალინებიდან ამოვალაგებინე ქურქები. “ნაფტალინფართი” ერქვა ჩემს დაბადების დღეს. ზოგს ისე უყვარს ქურქი, რომ მთელი ცხოვრება, მიუხედავად გასაჭირისა, ვერ შეელია და რა უფლება გაქვს, რამე უთხრა.
ელექტრონულ მუსიკას ვუსმენდით. ჩვენ კარგი მუსიკოსები გვყავს, მსოფლიო დონის და მეცოდებიან, რომ თავიანთი თავის რეალიზებას ვერ ახდენენ. ერთადერთი, რაშიც ფული გადავიხადე ამ დაბადების დღის აღსანიშნავად, ეს იყო დიჯეის ჰონორარი.
ძალიან ვისიამოვნეთ. ყველა ოცნება ამიხდა.ტორტი არ გამაგონოთ-მეთქი, მეგობრები გ ავაფრთხილე. პანდემიის მერე, სუფრაზე და საჭმელზე, ცოტა მაზიდებს. 50 უგემრიელესი ტარტალეტკა მქონდა. ჩავაქრე 50 ოქროსფერი სანთელი და უცებ ავითვისეთ ეს “ტორტი”.
ცხრა საათზე არც ერთი სტუმრის ბუნდღა აღარ იყო. კონკიას უფრო კარგი პირობები ჰქონდა, ვიდრე ჩვენ გვაქვს. 12 საათი კიდევ მესმის. ცხრა საათი, უბრალოდ, ძილისპირულია.
ამის მიუხედავად, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან სასიამოვნო დაბადების დღე გამომივიდა. ბევრს დაამახსოვრდება…