მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა კოვიდ-19 დეკემბერში გადაიტანა. როგორც ამბობს, ძილის დარღვევა, აპათიური განწყობა და უხალისობა დაუტოვა. თუმცა, ვირუსის სტუმრობას, დადებითი მხარეც მოუძებნა, წიგნი დაასრულა და გამოსაცემად მზად აქვს.
თეონა დოლენჯაშვილი: – ზოგიერთი კოვიდგადატანილი ხო უძილობას უჩივის და მე პირიქით, ლეთარგიული ძილი მომგვარა. ღამით ვერ ვიძინებ და დღისით მძინავს გადაბმულად. პირველ საათზე რომ გაიღვიძებ, საშინელებაა. მერე კარგა ხანი ვერ მოვდივარ გონს. ზოგადად უხალისოდ, უხასიათოდ, დეპრესიულ-აპათიური ვარ. ამას კოვიდს ვაბრალებ. ასე მანამდე არ ვყოფილვარ.
რაც მზე გამოვიდა, ცოტა დათბა და გავაქტიურდი, გამოვდივარ ამ მდგომარეობიდან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სრულად.
კოვიდმა დადებითი ის მომიტანა, რომ როგორც იქნა, ჩემი რომანი დავასრულე. ყურადღება წიგნზე გადავიტანე და ისე გავისტუმრე ვირუსი. ალბათ, უკეთესიც არის, რაც მეტად დაკავებული იქნები საქმეში და იაქტიურებ, უფრო იოლად გადაიტან.
გამოსაცემად მზად არის და როგორც ადრე გითხარი, ჩემი დაბადების დღისთვის საჩუქარი გავუკეთე თავს. 25 თებერვლისთვის, მზად მექნება. ეგ არის სივრცეები არ არის ღია, რომ წარდგენა გამეკეთებინა…
წიგნის სამუშაო სახელია “ჩიტი არ გამოფრინდება”. გამომცემელი მარკეტინგულად უყურებს და მის შეცვლას მთხოვს და ჯერჯერობით “ვჭიდაობთ”.







