ზურაბ ჟვანია დღეს 57 წლის გახდებოდა. ზურას თანამებრძოლი და მეგობარი, ხათუნა ხოფერია “პრაიმამბებთან” აღნიშნავს, რომ წელს პირველი წელია, როდესაც მის საფლავზე ვერ გადის.
ხათუნა ხოფერია: – ზურას დაბადების დღეზე მისვლა აბსოლუტურად თავისუფლად ხდებოდა. მისვლა ყველას შეეძლო, ისევე, როგორც ახალი წლის ღამეს.
მისი ერთი გამორჩეული დაბადების დღე იყო იმ წელს, როდესაც ზურამ დატოვა თანამდებობა და შინაგან საქმეთა მინისტრიც თან გაიყოლა.
დაბადების დღე რესტორანში გადაიხადა. სადღეგრძელო თქვა, ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის თანამდებობის პირები ცდილობდნენ მოსვლას, მაგრამ დღეს, აქ, ისინი არ არიან, სამაგიეროდ, ბევრი ელჩია მოსულიო.
მხიარული იყო. მას შემდეგ დაიწყო ზურას ოპოზიციური ცხოვრება.
მახსოვს, ლამაზად შეფუთული მწანე ორქიდეა მივუტანე. იმ დროს ყვავილების ბიზნესი მქონდა. მითხრა, რა უცნაური საჩუქრის გაკეთება იციო. საოცრად დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და მისი შექება, ღირებული იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ მოეწონა. ელჩებიც ათვალიერებდნენ ყვავილს.
მის დანაკლისს მაშინ ვგრძნობ, როდესაც ქვეყანაში ბევრი სისულელე ხდება, არაპროგნოზირებადი ამბები ტრიალებს. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, აბსოლუტურად სხვა რეალობაში მოგვიწევდა ცხოვრება. არავის არ მისცემდა უფლებას, რომ ქვეყანა მძიმე სიტუაციაში ჩაეგდოთ.
დღეს პირველი დაბადების დღეა, როცა მის საფლავზე ვერ გავდივარ…







