უკვე ორი კვირაა, რაც “ფორმულას” ეთერში ახალი თოქშოუ “Super ბებიები” გადის. ახალი შოუ მსახიობ ლაურა რეხვიაშვილს, ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს და ექიმ რუსო თოდრაძეს ფარებით შენიღბულებს მიჰყავთ. ფარებზე კი Super ბებიები აწერიათ.
გასულ შაბათს ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ეკეთა ფარი წარწერით – Super შვილიშვილი. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.
ჯანა ჯავახიშვილი: – წამყვანობა ძალიან საინტერესო პროცესია, ძალიან სახალისო, ერთადერთი, რაც მაბრკოლებდა თავიდან (და მერე მეგონა რომ გადავძლიე…) – ეს ბებიობაა. მაინცადამაინც არ მეპიტნავებოდა. სუპერობის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა 😉 მაგრამ, მოვირგე და მოვერგე ბებიას როლს. დღესაც, სავსებით ამაყად, ბებიას როლში შესულს, მიმყავდა გადაცემა ჩემს ორ გენიალურ პარტნიორთან ერთად. გადაცემამ კარგად ჩაიარა, მერე ინტერვიუც მივეცი იმაზე, თუ რავალია ბებიობა, ისიც ვთქვი, რომ არ მინდოდა საჯარო ბებიობა, მაგრამ ახლა უკვე შუბლზე მაწერია-თქვა (ნიღბები გვაქვს წამყვანებს, სადაც გვაწერია “სუპერ ბებია”).
ხოდა, პროდიუსერმა და სცენარისტმა დღევანდელი გადაცემის ფოტო გამომიგზავნა. თურმე, როგორ არ გდომებია ბებიობაო… ის იყო უნდა მიმეწერა “ვერ გევიგე”, რომ ფოტოს დავაკვირდი…
ამ სუპერბებიების ნიღბებიან ყუთში ერთადერთი ნიღაბი იყო არა სუპერბებიასი, გადაცემის სტუმრისთვის, ეტყობა, შეცდომით მაგას დავავლე ხელი…
ხოდა, რომ მგონია, რომ გაგანია ბებიას როლში ვარ, ამაყი და მწყაზარი, თურმე აი, რა მაწერია შუბლზე, მთელი გადაცემის მანძილზე. სხვათა შორის, ვერც ერთმა ვერ შევამჩნიეთ აი, აქამდე:). სამაგიეროდ, ახალგაზრდა თაობა ფხიზლადაა: სცენარისტის შვილიკოს, 9 წლის მატასის უთქვამს დედამისისთვის – ჯანა რა საყვარელი იყო დღეს შვილიშვილის როლშიო.







