ყველა კერძს თავისი “მეწყვილე” ღვინო აქვს. ყურძნისა და ღვინის სამშობლოში, ღვინოების მრავალფეროვნება მაინც გვაქვს. ამიტომ კარგია, თუ სწორად ვურჩევთ საჭმელს სასმელს.
ცნობილი მოსაზრება, რომ შავ ღვინოს ხორციან კერძთან მიირთმევენ, თევზთან და ფრინველის ხორცთან კი – თეთრ ღვინოს, სინამდვილეს არ შეესაბამებაო, გვეუბნება შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი.
მზარეულმა დაასახელა ხუთი პოპულარული კერძი – ხაშლამა, ჩანახი, შქმერული, გოჭი, ფხალის გობი და ეცადა, აეხსნა, რომელ მათგანს რომელი ღვინო მოუხდებოდა.
გურამ ბაღდოშვილი: – თეთრი ქვევრის კახური ღვინო, რომელიც ტანინებით გაჯერებულია და მშრალი ტონებით გამოირჩევა, ფანტასტიური დაქორწინებაა ხაშლამასთან.
წიწილას შქმერულს შევუხამებ რაჭულ ღვინოს. საბჭოთა კავშირის დროს, სლავური წარმოშობის სტუმრები რომ დაეკმაყოფილებინათ, ტკბილ ღვინოს ამზადებდნენ. ამიტომ დამზადდა ტკბილი “ხვანჭკარა”. სინამდვილეში კი “ხვანჭკარა” მშრალი წითელი ღვინოა, რომელიც თავისი სიმჟავით და სიმსუბუქით ძალიან მოუხდება წიწილას შქმერულად.
ერთმანეთთან კარგად უღლდებიან ჩანახი (ცხვრის ხორცისგან და ბოსტნეულისგან დამზადებული) და არაჩვეულებრივი “ქისი”. “ქისის” ხასიათი მკვეთრად ღაჟღაჟაა. მისი სიმჟავიანობა ოდნავ მაღალია. მისი სიმსუბუქეც გაანეიტრალებს ცხვრის ცხიმს. უგემრიელესი შეხამებაა.

არაჩვეულებრივად შეპიწკინებული მეგრული გოჭის გამოტოვება როგორ შეიძლება? გოჭი მოტკბო ხორცია, რადგან რძით ნაკვებია. ამიტომ ფანტასტიური შეხამებაა მეგრულ “ტვიშთან” ერთად. ნახევრად ტკბილი, ცოტა სიმჟავეში გადასული ეს ღვინო კრავს გოჭის სიტკბოს, შორს წასული მისი სიმჟავე კი ფანტასტიურია ამ კერძთან.
და არაჩვეულებრივი იმერეთი, თავისი ვეგეტარიანული კერძებით, ფხალეულით – ეკალა, ისპანახი, ჭარხალი, ბადრიჯანი ნიგვზით… ამათ იმერული ხასიათიანი, მკვეთრად გამოხატული “ციცქა” ან “ცოლიკაური” უნდა შეუხამოთ…







