შოთა ნოზაძე ანუ ყველასთვის ნაცნობი თენგო “ჩემი ცოლის დაქალებში” დააბრუნეს. როგორც იცით, ერთმა სეზონმა ლუნას, თენგოს და ეგონას სიძის, მერაბ დარჩიას გარეშე ჩაიარა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ როდესაც “რუსთავი 2”-დან ძველი შემადგენლობის ნაწილი წავიდა და “მთავარი” შექმნა, ტელევიზის თანამშრომლების ნაწილი არხზე დარჩა. მათ შორის, გაყოფილ “კომედი ჯგუფში” დარჩნენ – შოთა ნოზაძე, ზურა ნიჟარაძე და ქეთი ხუციშვილი.
ორი თვის წინ კი, “კომედი ჯგუფი” ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადავიდა. ამდენად, იმავე ოჯახში მოხვედრამ, სადაც ჩცდ “იხარშება”, თენგო და მერაბი სერიალში დააბრუნა. რაც შეეხება ლუნას, როგორც ქეთი ხუციშვილი ჩვენთან ამბობს, მას ჯერ არავინ შეხმიანებია.
შოთა რუსეთიდან დაბრუნებულ თენგოზე გვესაუბრება. მსახიობი სერიალში დაბრუნებით ძალზედ გახარებულია.
შოთა ნოზაძე: – ძალიან გამიხარდა რომ დამიძახეს და დავბრუნდი. ფორმულაზე რომ გადავედით, ხმები მესმოდა, რომ ისევ უნდა მეთამაშა. ძალიან გახარებული ვარ ამ გუნდათან ერთად ხელახლა მუშაობით, რამდენიმე სერია უკვე გადავიღეთ კიდეც.
– გაგრძელება არ გაგიჭირდათ?
– სხვათა შორის, დაძაბული ვიყავი. მეგონა, ამდენი ხნის შემდეგ, ვერ მოვერგებოდი, მაგრამ სულ სხვანაირად განვითარდა სიტუაცია. რეპეტიციის დროს გაიხსნა პერსონაჟი, თავის რიტმს დაუბრუნდა და მორგებაც გამიადვილდა.
თენგო დაბრუნდა რუსეთიდან. იყო იმაზე ლაპარაკი, რომ შეცვლილი ჩამოსულიყო. თუმცა გადავწყვიტეთ, რომ იგივე დაგვეტოვებინა. რუსული ჟარგონებით და თავის კუმირზე, ბორის ნიგადიაევზე გაბრაზებული ბრუნდება.







