საქართველოს პრეზიდენტმა ანიტა ფაცაციას ბებია სტუმრად მიიღო. თამუნა გლურჯიძემ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი ლექსების კრებული გადასცა, რომელიც ბავშვის წლისთავზე, 30 იანვარს გამოსცა.
პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოს, თამუნა სოციალური ქსელის მეშვეობით ასაჯაროვებს. ჩვენთან კი თავის ემოციებზე საუბრობს.
თამუნა გლურჯიძე: – როდესაც პატარა ანიტას მკურნალობა სჭირდებოდა, სახელმწიფოს და პრეზიდენტის მხრიდან დიდი დამხარება და მხარდაჭერა გვქონდა. გვეგონა, რომ ყველაფერს შევძლებდით… როდესაც ანიტა გარდაიცვალა, სალომე ზურაბიშვილი სამძიმარზე მარტო მოვიდა. გვითანაგრძნო არა როგორც პრეზიდენტმა, არამედ როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, ყოველგვარი გაშუქების გარეშე. ეს სხვანაირად გამახსოვრდება და სხვანაირი მადლობელი ხარ.
იმ ლექსების კრებულის გადაცემა მინდოდა, რაც ანიტას გარდაცვალების შემდეგ დავწერე. და პრეზიდენტმა უშუალოდ შეხვედრის სურვილი რომ გამოთქვა, ცოტა დაძაბული წავედი. ქვეყნის ერთ-ერთ პირველ პირთან შეხვედრა ჩვეულებრივი არ არის. მაგრამ ძალიან თბილად მიმიღო, გულით შემხვდა და 20 წუთი დამითმო. გამიკვირდა.
მადლობა გადავუხადე იმ გვერდში დგომისთვის, რაც მან ადამიანურად გაგვიწია. სხვა რა შემეძლო გამეკეთებინა, ვაჩუქე ანიტასთვის მიძღვნილი ლექსების კრებული.

კრებულში თამუნა გლურჯიძემ ასი ლექსი შეიტანა. კრებულს დართული აქვს ანიტას ფერადი ფოტოები. “მოფერება ლექსებად” ასე ჰქვია კრებულს, რომლის შეძენაც ავტორთან დაკავშირებით შეგიძლიათ.







