უკვე რამდენიმე წელია ნუკი კოშკელიშვილი ეკრანს და პოდიუმს ჩამოშორდა, თუმცა ახალგაზრდა გოგონა აქტუალურობას მაინც არ კარგავს და ცდილობს დროს ფეხი ტრენდულად აუწყოს.
რამდენიმე დღის წინ, ნუკიმ სოციალური ქსელის გამომწერებს სასიამოვნო სიახლე ამცნო.
ნუკიმ საკუთარი ბიზნესი დაიწყო და წითელი ფერის ტუჩსაცხი გამოუშვა, რომლის ყიდვაც ონლაინ შეგიძლიათ.
წითელი ფერის ტუჩსაცხი ნუკის განუყოფელი ნაწილი გახლდათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი ყიდვა მისთვის სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ცდილობდა ზომიერად გამოყენებინა.
ნუკი კოშკელიშვილის წითელი ტუჩსაცხით რამდენიმე წლის წინ, თვით ჯენიფერ ლოპესიც მოიხიბლა, რომელიც ქართველ ტელესახეს ამერიკაში ერთ-ერთ გადაღებაზე შეხვდა.
“Nuki Cosmetics”-ის შესახებ, “პრაიმამბებს” კოშკელიშვილი ესაუბრა.
– ნუკი, საიდან გაგიჩნდა იდეა, საკუთარი ტუჩსაცხი შეგექმნა?
– იდეა გაჩნდა იქედან, რომ დაახლოებით ათი წლის წინ, მივხვდი ძალიან მიყვარს წითელი პომადა. ვიპოვე რაღაც ბრენდი, რომელიც გაქრა გაყიდვიდან. ამერიკაში ვერ ვყიდულობდი, იტალიიდან გამოვიწერე ერთხელ მთელი რაოდენობა, რაც ედოთ საიტზე და ამ დრომდე ვიზოგავდი. ბოლოს ერთი მქონდა დარჩენილი და პანდემიის დროს ვამბობდი, რა კარგია პანდემია, პომადის წასმა არ მჭირდება და ვიზოგავ-მეთქი, სწორედ მაშინ მითხრა დედაჩემმა, მოდი ჩვენი პომადა გავაკეთოთ, მის შექმნას რა უნდა სჭირდებოდესო და ასე შევქმენი საკუთარი ბრენდი.

ჯერ ქარხნებს ვეძებდი, პომადა მრავალნაირად კეთდება, აღმოჩნდა, რომ ბევრი კუსტარულადაც ამზადებს თურმე სახლში. ონლაინგასაუბრება მქონდა ევროპაში აკრედიტირებულ ქარხნებთან და საბოლოოდ ერთ-ერთ ქარხანაზე გავაკეთე არჩევანი და დავიწყეთ მოლაპარაკება. ისინი ნიმუშებს მიგზავნიდნენ, მე კი ვარჩევდი. სულ 12 ფერის წითელი პომადა დავიწუნე.
– რომელი ქვეყნის ქარხანაზე შეაჩერე არჩევანი?
– ბელორუსიული ქარხანა შევარჩიე. იქაური პარფიუმერია მაღალი ხარისხით არის ცნობილი. დაახლოებით ხუთთვიანი ტესტირების გავლა დასჭირდა, საბოლოო პროდუქტის შერჩევას და დამტკიცებას. ეს იყო იმის გარკვევა ჰქონდა თუ არა გამძლეობა, ფერი ხომ არ იცვლება, გაირკვა რომ ჩასადებიც ზუსტად უნდა იყოს შერჩეული, რადგან პლასტმასის არის, როგორც იქნა ჩემი საკუთარი ფერი შევქმენი, რომელიც მხოლოდ საქართველოში იყიდება.

ორი დღეა თავი არ მიწევია ინსტაგრამიდან, უამრავი ადამიანი მწერს და ყველას სათითაოდ ვპასუხობ. მეუბნებიან ვინმე აიყვანეო, მაგრამ არავის აყვანა არ მინდა. შვილივით მიყვარს ეს საქმე. მე თვითონაც მივიტან, თუ ვინმესთან მისვლას დააგვიანებს კურიერი. მისი ფასი 49 ლარი.
– აპირებ მომავალში ბრენდის გაფართოვებას?
– ვნახოთ რამდენად მოეწონება მომხმარებელს და შემდეგ უკვე შევეცდები სხვა საშუალებებიც გამოვუშვა.







