2006 წლის 24 თებერვალს საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა მუსიკოსი, მწერალი, პოეტი, ირაკლი ჩარკვიანი. გარდაცვლილი შვილი პირველად გელა ჩარკვიანმა ნახა და ტელევიზიაში, “ვანოს შოუში” სტუმრად მყოფ ქეთათოს მაშინვე აუწყა ეს საშინელი ინფორმაცია.
აი, რას წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
გელა ჩარკვიანი: – 15 წელი ირაკლის გარდაცვალებიდან
ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს.
მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“.
ირაკლის უახლოესი მეგობარი, ასევე მუსიკოსი და პოეტი, დათო ევგენიძე ჩვენთან იხსენებს ფაქტს, თუ როგორ იგრძნო მონათესავე სულის მარადისობაში გადასვლის შესახებ.
დათო ევგენიძე: – მისი გარდაცვალების დღეს წინათგრძნობა მქონდა. იმ პერიოდში ოჯახთან ერთად მოსკოვში ვიყავი. სახლში მოვედი და ცოლს ვეუბნები, ირაკლის უნდა დავურეკო-მეთქი. ჩემმა ოჯახმა უკვე იცოდა ირაკლის გარდაცვალების ამბავი. მთელი დღე ვამბობდი, უნდა დავურეკო, უნდა დავურეკო-მეთქი, მაგრამ არ ვრეკავდი. ქვეცნობიერად ბევრჯერ გადავდე, ვგრძნობდი… და ბოლოს რომ ავიღე ტელეფონი, დედაჩემმა მითხრა, არ დაურეკო, რეანიმაციაში არისო. ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო.







