ბექა გოჩიაშვილი 25 წლის გახდა. ვუნდერკინდ ჯაზმენად აღიარებული, იმპროვიზატორი პიანისტი პანდემიამ, ისევე როგორც ყველა საზღვარგარეთ მოღვაწე ხელოვანი, სამშობლოში დააბრუნა.
ამერიკაში მიღებულმა მუსიკალურმა განათლებამ და ჯაზის კორიფეებთან ურთიერთობამ, ბექა ჭეშმარიტ ჯაზშემსრულებლად აქცია, რომელიც ქმნის იმ მუსიკას, რომელიც მსოფლიოს ნაწილად აქცევს.
ბექა გოჩიაშვილი: – ჩემი ძმა უკრავდა. მე სულ ინსტრუმენტის გვერდით ვიდექი და ვუყურებდი. რაღაცას კარგს აკეთებს-მეთქი, ვფიქრობდი. სამი წლისამ დავიწყე დაკვრა. პირველად სცენაზე კლასიკა შევასრულე, ჯაზი – არა. მუსიკა ჩემთვის არის ბახი.
როი ჰეინთსის კონცერტზე ბისზე გამოვიდა ჩიკ კორეა. ის კონცერტები, რომელიც იუთუბიდან ზეპირად ვიცოდი და აი, ის კაცი, ორი საათის წინ ჩემთან ერთად რომ უკრავდა სცენაზე და მერე რომ მითხრა, შენ მოხვალ და ჩემთან ერთად დაუკრავო, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია, მაგრამ არა – დამაბრმავებელი.
ჩიკ კორეას სიტყვებს გავიმეორებ, ორკესტრი არის ყველაზე მაგარი ხმა, რასაც კი უარსებია ცხოვრებაში.
იუბილარ მეგობარს, დაბადების დღეს, “ფეისბუქზე” ასე ულოცავს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი.
ნიკოლოზ რაჭველი: – სასწაულების მჯერა. როცა ბექას ვუსმენ, როგორ შეიძლება არ მჯეროდეს სასწაულების?
უბედნიერესი ვარ, რომ ახლო მეგობრები ვართ, რომ თანამოაზრეები ვართ, რომ მისი მუსიკის შესრულებასა და გაორკესტრებაში მონაწილეობა მაქვს მიღებული, რომ ქართველია, რომ უმაგრესი ოჯახი ჰყავს, რომ სულ ვგრძნობ მის თანადგომას და გულშემატკივრობას, რომ ერთ დროში ვსუნთქავთ და ვამუსიკებთ ჩვენს სამყაროს, ერთმანეთის სამყაროსაც!
ღმერთო, მადლობა მის გამო.

ჩემო ბექა, ლეგენდარულმა ჩიკ კორეამ სიცოცხლის ბოლო თვეებში ხომ დაგასახელა მარტა არგერიხთან ერთად ერთ-ერთ იმ პიანისტად, ვინც მისთვის ინსპირაციის წყარო იყო. მარტა არგერიხმა ხომ მოითხოვა შენთან ერთად სურათების გადაღება, გია ყანჩელი ხომ გულის ჯიბით დაატარებდა შენს სიყვარულსა და პატივისცემას, სტენლი კლარკს ხომ ვერ წარმოუდგენია სცენაზე გასვლა უშენოდ და ისიც ხომ ფაქტია, რომ 10 წლის ასაკშიც უკვე შეუდარებელი პიანისტი იყავი და ახლაც, 25 წლისაც შეუდარებელი მუსიკოსი ხარ. ხოდა, აწი მინდა იდღეგრძელო და იყო ჯანმრთელი, მუდამ წარმატებული და გახარებული, ბედნიერი და იღბლიანი!
დანარჩენს განგება გვეუბნება ხოლმე შენი გულის, სულის, გონების, ნიჭის და თითების მეშვეობით და რა მაგარია, როცა ასეთი დიდი ძალის გამტარად გირჩევენ დაბადებისას და შენი მეგობრები ამ სასწაულის თანამონაწილენი ვხდებით!!!







